19 ნოემბერი 2024,   15:17
ვრცლად
შეკვეცილი უფლებები და შემცირებული ბიუჯეტი - პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 40%-ით არის შემცირებული 

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია, სავარაუდოდ, თელავში, ერეკლე მეორეს სასახლეში, გაიმართება.

მუზეუმში უკვე იყვნენ საორგანიზაციო ჯგუფის წევრები და ტერიტორია დაათვალიერეს.

საქართველოს ერთ-ერთი ბოლო მეფის სასახლის თანამშრომლები ამ ეტაპზე დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა, ადასტურებენ, რომ ამ ლოკაციას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის გარემოცვა სერიოზულად განიხილავს.

უფლებამოსილება შეზღუდული მეხუთე პრეზიდენტის ადმინისტრაცია ბიუჯეტიდან მხოლოდ 6 მილიონი ლარით დაფინანსდება. მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილს ხარჯებს 40%-ით უმცირებს. 140-დან 60-მდე მცირდება პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა რიცხვი. უქმდება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიც.

საბიუჯეტო ცვლილებები პარლამენტში დასამტკიცებლად უკვე შევიდა.

რატომ გადაწყვიტა მთავრობამ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტისთვის ხარჯების ასე რადიკალურად შემცირება და რატომ შეიტანა ეს ცვლილებები პროექტის მხოლოდ მესამე ვარიანტში, მმართველ გუნდს ამ შეკითხვებზე პასუხი არ აქვს. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ პრეზიდენტს 140-კაციანი აპარატი არ სჭირდება.  

"ეს ნაბიჯი პრეზიდენტის ინსტიტუტის საბოლოოდ დასაკნინებლად არის გადგმული," - ასე ეხმაურება მოქმედი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის, ადმინისტრაციის უფროსი მთავრობის მოულოდნელ გადაწყვეტილებას პრეზიდენტის დაფინანსების შესახებ.

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერისთვის მმართველი გუნდის ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტის ინსტიტუტზე დარტყმაა.

ოპოზიცია ეჭვობს, რომ ამით ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებაში დიდ ფულადი რესურსი ჩადო, ცდილობს, მას ფინანსური სახსრები შეუმციროს, რომ ის ნაკლებად დამოუკიდებელი იყოს.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღიდან ქვეყნაში ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება. გაუქმდება პრეზიდენტის უშიშროების საბჭოც. ერთ-ერთი უფლება, რომელიც ახალი კონსტიტუციით მმართველმა გუნდა პრეზიდენტს დაუტოვა, პატიმრების შეწყალებაა.

 

 

 

დღის ამბები