19 ნოემბერი 2024,   15:25
ვრცლად
"ასე არჩევნების ჩატარება არ შეიძლება" - ოპოზიცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მწვავე შეფასებას ეხმაურება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ შეფასებებში არის ძალიან მწვავე - ასე ეხმაურებიან ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ოფიციალური ვაშინგტონის პოზიციას.

ხელისუფლების ოპონენტების აზრით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან იმის აღნიშვნა, რომ არჩევნები მრავალრიცხოვანი დარღვევებით ჩატარდა, პირველო რიგში  ქვეყნის რეპუტაციას აზიანებს.

ოპოზიციის განმარტებით, მსგავსი მწვავე შეფასება საქართველოში სხვა არცერთ არჩევნებს არ მოჰყოლია. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, აუცილებელია ქვეყანაში საარჩევნო სისტემის ძირეული ცვლილება განხორციელდეს.

„არც გამკვირვებია. ვიცოდი, რომ ეს განცხადება გაკეთდებოდა. გუშინ „არჩევანშიც“ მივუთითე იმაზე, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები უკვე ღიად ჩაერთვნენ გაერთიანებული ოპოზიციასთან კონსულტაციებში. შეშფოთებულნი არიან, რაც ხდება. ჩვენ გვექნება პარტნიორების მხრიდან სერიოზული მხარდაჭერა. ფაქტი ერთია - ასე არჩევნების ჩატარება არ შეიძლება,“- განაცხადა ”საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ.

”ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარის, მამუკა კაციტაძის შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნები პრობლემებით აღსავსე იყო. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში ეს არჩევნები ყველაზე ცუდი იყო და შესაბამისად, ქვეყანაში რეგრესია.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს უკვე მესამედ ეხმაურება. 

უწყების ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ვაშინგტონი შეშფოთებულია მრავალრიცხოვანი დარღვევებით და ყურადღებით დააკვირდება, როგორ შეასრულებს ქართული მხარე ახალ კონსტიტუციას.

ამავე თემაზე
დღის ამბები