საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მწვავე შეფასებას იუსტიციის მინისტრი არ ეთანხმება.
თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა.
იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ მეორე ტურის წინ, დაძაბულობა აშკარა იყო, რომელიც არა მხოლოდ კანდიდატებზე, არამედ თავად მხარდამჭერებზეც ვრცელდებოდა.
თეა წულუკიანი ოპოზიციის ულტიმატუმსაც ეხმაურება, ის არსებულ ვითარებაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საფუძველს ვერ ხედავს.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა ვთანხმდებით იმაზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რომ ეს არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და სამართლიან გარემოში, რომ კანდიდატებს შორის, პირველ ტურში უფრო მეტი კანდიდატი იყო და რა თქმა უნდა, ორი კანდიდატი დარჩა მეორე ტურისთვის, მაგრამ ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორისაც იყო ძალიან დაძაბული კომუნიკაცია, რაც ძაბავდა ფონს არა მხოლოდ კანდიდატებს შორის, არამედ მათ მხარდამჭერებსა და შესაბამისი პარტიების აქტივს შორის. ეს რა თქმა უნდა, ჩვენ მომავალში უნდა გავითვალისწინოთ და კარგი იქნება, თუ ყველა პარტია, იქნება ეს მმართველი თუ ოპოზიციური პარტიები, კიდევ უფრო მეტი სერიოზულობით მოეკიდებიან უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციებს. არა ერთი ბრალდება, არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მათ შორის საარჩევნო სიაზე, პირადობებზე, საარჩევნო ადმინისტრაციის თითქოს და გადაცდომებზე არ და ვერ დადასტურდა. ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ იყო სხვა შენიშვნები, რაც აუცილებლად უნდა გაანალიზდეს,“- განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ვაშინგტონი შეშფოთებულია მრავალრიცხოვანი დარღვევებით და ყურადღებით დააკვირდება, როგორ შეასრულებს ქართული მხარე ახალ კონსტიტუციას.