საარჩევნო სისტემის შეცვლა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები - ოპოზიცია დღეს ოფიციალურად გაერთიანდა და მოლაპარაკებები დაიწყო. შეხვედრა "ლეიბორისტების" ოფისში ერთი საათს გაგრძელდა და კონკრეტული შეთანხმებითაც დასრულდა. შეიქმნა ოპოზიციური პარტიების საკონსულტაციო საბჭო, რომლის მიზანიც ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დაძლევაა.
ახალი გაერთიანების მთავარი ამოცანაა, ბიძინა ივანიშვილის პარტიას საარჩევნო სისტემის შეცვალა აიძულოს. ანუ მომდევნო საპარლამენტო არჩევნები არა მაჟორიტარული, არამედ პროპორციული წესით ჩატარებაზე დაითანხმოს.
”ქართულ ოცნებას” რომ დათმობაზე წასვლა მოუწევს, ამაში დარწმუნებულია პირველი "ლეიბორისტი", შალვა ნათელაშვილი. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ სწორედ შეცვლილი საარჩევნო სისტემით უნდა ჩატარდეს, ერთი წლის შემდეგ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ოპოზიცია საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის შეცვლას და საოლქო საარჩევნო კომისიების გაუქმებას მოითხოვს. პოლიტიკური ლიდერები ფიქრობენ, რომ საოლქო კომისიების დამატებითი რგოლია არჩევნების გაყალბებისთვის.
ოპოზიციასთან შეხვედრას არ ესწრებოდნენ "რესპუბლიკელები", თუმცა პარტიაში ამბობენ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის ყველა მოთხოვნას იზიარებენ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებენ.
საკუთარი პირობებით მივიდნენ დღეს მოლაპარაკებებზე „ახალი მემარჯვენეები“. მამუკა კაციტაძე პარტნიორ პარტიებს მოუწოდებს 16 დეკემბრამდე „ქართული ოცნებისთვის“ მიცემულ ულტიმატუმზე უარი თქვას და უფრო მეტი დრო დაუთმოს საარჩევნო სისტემის შეცვლაზე მუშაობას. იგივე მოთხოვნა აქვთ „თავისუფალ დემოკრატებსაც“. პარტია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნას არ იზიარებს და ოპოზიციას ურჩევს დღის წესრიგში მთავარ მოთხოვნად მაჟორიტარული არჩევნების გაუქმება დარჩეს.
ოპოზიციური პარტიების საკონსულტაციო საბჭო კვირის ბოლომდე მეორე რაუნდის შეხვედრას გეგმავს.
ავტორი: ნინო ვარძელაშვილი