19 ნოემბერი 2024,   15:16
ვრცლად
ბატონის ციხე მე-5 პრეზიდენტისთვის მხოლოდ ეზოს გახსნის - სამეფო ატრიბუტიკა პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაში ჩართული არ იქნება

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციისთვის მხოლოდ ერეკლე მეფის სასახლის ეზოს გამოიყენებენ, სამეფო ტახტი და საუკუნეების წინანდელი სხვა ექსპონატები ისევ საცავებში დარჩება.

თელავის ცენტრში გალავნის მიღმა ტერიტორია ინაუგურაციის მთავარმა რეჟისორმა და მთავარმა მხატვარმა დაათვალიერეს.

სცენარზე სამუშაოდ, დეკორაციის შესაქმნელად და რეპეტიციების გასავლელად 10 დღე აქვთ. ბასა და თამარ ფოცხიშვილებმა არჩეული პრეზიდენტის ყველა მოთხოვნა უნდა გაითვალისწინონ და საპრეზიდენტო ფიცის დადების ოფიციალური ღონისძიება დაგეგმონ.

რეჟისორის თქმით, სალომე ზურაბიშვილის მოთხოვნით, საქართველოს ეროვნულ ჰიმნთან ერთად, კახური მრავალჟამიერიც გაჟღერდება, მომღერლებს ეზოში ისე განალაგებენ, რომ სიმღერის დროს მათ უკან კავკასიონის ქედი კარგად ჩანდეს. დეკორაცია ერეკლე მეფის სასახლეში მინიმალისტური იქნება.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ყველაფერი წითელ და თეთრ, ეროვნული დროშის ფერებში იქნება გადაწყვეტილი. მხატვარი ამბობს, რომ არჩეული პრეზიდენტის მოთხოვნით, ყველაფერი სადა უნდა იყოს.

პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება. ერეკლე მეორის სასახლეში 300-ზე მეტ სტუმარს მიიწვევენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები