19 ნოემბერი 2024,   15:26
ვრცლად
ოპოზიციის პროტესტი - საკრებულოს პირველი სხდომა არჩევნების შემდეგ, ოპოზიციის გარეშე მიმდინარეობს

საკრებულოს პირველი სხდომა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ოპოზიციის გარეშე მიმდინარეობს. პროტესტის მიზეზი ოპოზიციის თქმით, გაყალბებული არჩევნებია. თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ მოქალაქეებს არჩევნები მოპარა. ხაბეიშვილმა მოქალაქეებზე ზეწოლის სხვადასხვა შემთხვევბი გაიხსენა, რომელიც, მისი თქმით, წინასაარჩევნოდ ვითარდებოდა. 

„ამ ადამიანებმა, რომლებიც ქვემოთ სხედან, თბილისელებს მოპარეს არჩევანი. ჩვენ კარგად ვიცით, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ზეწოლები იყო და ათობით დირექტორია მოხსნილი პირველი ტურის შემდეგ. ასევე, ზეწოლები იყო თბილსერვის ჯგუფში, სადაც პირდაპირ მეეზოვეებს აიძულებდნენ იმას, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის ხმა მიეცათ. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მთელ საარჩევნო კამპანიაში ჩაბმული იყვნენ დეპუტატები, კრიმინალები, რომლებთან ერთადაც 205 ათას თბილისელს ამ ადამიანებმა მოპარეს არჩევანი და სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ ბოიკოტს ვუცხადებთ ამ საკრებულოს სხდომას და არ ვესწრებით,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილს თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ უპასუხა. ბექა დავითულიანის განცხადებით, საქართველოს ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი ჰყავს, ხოლო ოპოზიციას შეუძლია ბოიკოტის რეჟიმში დარჩეს. 

„საქართველოს ჰყავს 60%-ის ლეგიტიმაციით არჩეული პრეზიდენტი, გილოცავთ ამას ყველას. შედგება მალე მისი ინაუგურაცია. „ნაციონალურ მოძრაობას“ და ლევანს შეუძლია დარჩეს ბოიკოტის რეჟიმში,“ - განაცხადა ბექა დავითულიანმა. 

საკრებულოს სხდომაზე 29 საკითხს განიხილავენ, მათ შორის არის ტაქსების რეგულაცია. ბექა დავითულიანმა იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელიც ტაქსის მძღოლებზე გავრცელდება.

„პირველი კატეგორია არის ტაქსი, რომელიც მკაცრ რეგულაციებს ექვემდებარება, რომელსაც აქვს ტაქსის ნიშნის ტარების უფლება. ქუჩაში სპეციალურად გამოყოფილ სადგომებზე უფასოდ დგომის უფლება აქვს, გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადებისგან, არის თეთრი ფერის და აქვს 4 კარი. "ბ" კატეგორიის ტაქსი არის, რომელსაც შეუძლია იყოს ნებისმიერი ფერი, ნაკლებად ვრცელდება ეს რეგულაციები და გამოძახებით მუშაობს,“ - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

დღის ამბები