არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი აღარ გამოჩენილა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც ამბობენ, რომ მათ პარტიის ლიდერთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ.
საპარლამენტო ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ივანიშვილს მოუწევს გამოჩენა. მან ამომრჩევლისთვის მიცემული არაერთი პირობა უნდა შეასრულოს. გარდა ამისა, ოპოზიცია მმართველ პარტიისა და მის ლიდერს საკუთარ მოთხოვნებს უყენებს. ეს არის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და საარჩევნო სისტემის შეცვლა.
„უნდა ჩატარდეს არჩევნები პროპორციული სისტემით, იმ სისტემით, რომელსაც ემხრობა ასევე დღევანდელი სახელმწიფო და უმრავლესობა, ოღონდ განსხვავება არის ვადაში, მათ უნდა 2024-ში, ჩვენ გვინდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების სახით უკვე უფრო ადრე. ეს არის ქვეყანაში უკვე შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ყველაზე სამართლიანი და ყველაზე ეფექტიანი გზა,“ -აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე.
საპარლამენტო უმცირესობაში აცხადებენ, რომ ვიდრე არ მოხდება ამომრჩევლის რეალური სურვილის შესრულება, ვერ მოხდება რეალური რეფორმების და ცვლილებების გატარება.
„ერთადერთი გამოსავალი იმ ცვლილებებისა და რეფორმებისთვის რომლის რეალური მოლოდინი და საჭიროებაც არსებობს ქვეყანაში არის ახალი ხელისუფლების ყოლა, რომელიც რეალურად გამოხატავს ამომრჩევლის ნებას. ასეთი შეიძლება მივიღოთ მხოლოდ პროპორციული გზით ჩატარებული არჩევნების შედეგად,“-ამბობს „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე.
პარლამენტის ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” წევრი დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ ქვეყანაში დღეს პოლიტიკური კრიზისია შექმნილი.
„დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია ეს გამოწვეული როგორც ეკონომიკური პრობლემებით, ასევე იმ უსამართლობით, რომელიც ქვეყანაშია წარმოდგენილი. არალოგიკური არაფერია, რომ დღეს პოლიტიკურ პარტიებსაც და მოსახლეობასაც აქვს სურვილი, რომ ამ არჩევნებით ვერ დაიკმაყოფილეს თავის არჩევანი,“-ამბობს ჭიჭინაძე.