რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ შესაძლოა, იანვრიდან მუშაობა შეწყვიტოს. ქარხნის პრობლემებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში იმსჯელეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია ქარხნის ლობირებაში დაადანაშაულა და ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზე ისაუბრა.
„აშკარად ლობირებთ თქვენ, მესამეჯერ იხილავთ, თქვენთან განიხილეთ, ორი კვირის წინ განიხილეთ, ახლაც განიხილეთ და თქვენ ხომ იცით, ვინ არის მესაკუთრე, არის „იმედის“ მეპატრონე, რუხაძე მესაკუთრე ამ ქარხნის, ხოლო ცემენტის ქარხნის მესაკუთრე არის იგივე რუხაძე და ივანიშვილი. სანამ ივანიშვილს და რუხაძეს არ შეექმნა პრობლემა, დემპინგი არ არსებობდა საქართველოში? თქვენ პროპაგანდისტულ ფონს უქმნით და საზოგადოებას აშინებთ იმით, რომ ქარხანა დაიხურება და სინამდვილეში ეს უნდა ივანიშვილს და რუხაძეს,“ - ამბობს გოცირიძემ.
პარლამენტის ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა, დავით ჭიჭინაძემ რომან გოცირიძის პასუხად აღნიშნა, რომ „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ“ კანონპროექტს აუცილებლად მიიღებენ.
ქარხნის წარმომადგენლები კი ირანიდან სამშენებლო მასალის შემოტანის პრობლემაზეც საუბრობენ და დემპინგური კანონის ამოქმედებას მოითხოვენ.
„ვამბობ, რომ შევქმნათ პასიური კანონი და თქვენი დღევანდელი განცხადებაა შანტაჟი, ფსიქოლოგიური შანტაჟი მოუწყეთ დეპუტატებს, ასევე გაჩუმდნენ ანტიდემპინგზე არ ვსაუბრობთო, ანტიდემპინგზე ვსაუბრობ ბატონებო და არავის ეშინია მაგის,“ - განაცხადა ადვოკატმა, დავით ებრალიძემ.
რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლების ინფორმაციით, პირველი ღუმელი, სავარაუდოდ, ერთ კვირაში გაჩერდება და ქარხანა სრულად 15 იანვარს შეწყვეტს მუშაობას, რის გამოც 2 ათასი ადამიანი უმუშევარი დარჩება.