არჩილ ტატუნაშვილი რუსეთის წინააღმდეგ - ამ შინაარსის სარჩელი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განსახილველად მიიღო.
ცენტრ ემპათიას მიერ მომზადებული სარჩელის განხილვას სტრასბურგის სასამართლო დაჩქარებული წესით დაიწყებს.
800-გვერდიან დოკუმენტაციაში ყველა ის მტკიცებულება დევს, რომლითაც არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი ქართველი ჯარისკაცის გატაცებაში, წამებასა და მკვლელობაში დამნაშავეების დასჯას მოითხოვს.
წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ ემპათიას დირექტორი, მარიამ ჯიშკარიანი, განმარტავს, რომ სარჩელს თან დართული აქვს სასამართლო დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ არჩილ ტატუნაშვილი წამებით არის მოკლული.
„მთლიანობაში, ეს მტკიცებულებები, რომელიც არის წარდგენილი, არის, დაახლოებით, 40 დანართი სარჩელზე და დაახლოებით, 700-800 გვერდი. თუ კიდევ საჭირო შეიქმნება კომუნიკაციის ეტაპზე რაიმე დამატებითი მტკიცებულებების წარდგენა, უფრო, ალბათ, განმარტებების წარდგენა, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, რომ წარვადგინოთ,“ - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.
ჯერ უცნობია, ითანამშრომლებს თუ არა ევროპულ სასამართლოსთან ტატუნაშვილის სასტიკ მკვლელობაში მთავარი ბრალდებული - რუსეთი.