19 ნოემბერი 2024,   15:25
ვრცლად
"ჩვენ გავუკეთებთ ოკუპანტებს მუსიკით ოკუპაციას" - სოფელ ატოცში მიმდინარე აქციის ორგანიზატორი

„ჩვენ გავუკეთებთ ოკუპანტებს მუსიკით ოკუპაციას“ - ეს განცხადება სოფელ ატოცში აქცია-პერფორმანსის ორგანიზატორმა, ქეთი ვარდმა, გააკეთა.

ამ წუთებში საოკუპაციო ხაზთან ამ წუთებში საოპერო არიების და კლასიკური ნაწარმოების ხმა ისმის.

ქეთი ვარდ ამბობს, რომ თამარ ფუტკარაძემ სპეციალურად დღევანდელი დღისთვის დაწერა ატონალური ნაწარმოები.

სოფელ ატოცში, ზუსტად იმ ადგილზე, სადაც ოკუპანტები, მავთულხლართების გასავლებად ემზადებოდნენ, ქართველმა მუსიკოსებმა დღეს მუსიკალური ინსტრუმენტები გაშალეს.  

აქცია-პერფორმანსი ქართველმა მუსიკოსებმა ოკუპანტების მიერ რამდენიმე დღის წინ დაწყებული ანექსიის მორიგი რაუნდის საპასუხოდ დაგეგმეს.

აქციაზე ასევე იმყოფება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ოლეგ პანფილოვი.

"როცა ოკუპანტები სხვის მიწაზე დადიან, მხოლოდ იმაზე შეიძლება ფიქრი, რომ მალე წავიდნენ. მესმის, რომ ძალიან რთულია დღევანდელ ვითარებაში ჯარის გამოყენება და სასიამოვნოა, რომ საქართველოში არის ხალხი, რომელიც თავის ნებით თვალყურს ადევნებს, იცავს და ლაპარაკობს იმაზე, რაც აქ ხდება," - განაცხადა პანფილოვმა.

აქციის მონაწილეების უსაფრთოხებას ქართული პოლიცია და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები იცავენ.

საოკუპაციო საზღვრის მეორე მხრიდან კი ატოცში მიმდინარე მოვლენებს საოკუპაციო ძალების მზვერავები აკვირდებიან.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ძალა ერთობაშია დამფუძნებელი, დავით ქაცარავა, ამბობს, რომ წინა დღეებისგან განსხვავებით, რუსულმა მხარემ საოკუპაციო ხაზთან მხოლოდ ორი მზვერავი დააყენა.

„სიმშვიდე არის იმ კუთხით, რომ რუსებს მავთულხლართების დამომტაჟების მეორე მცდელობა, შეჩერებულია. ასე ვთქვათ, სტატუს-კვო აღსდგა და იმ სიტუაციაში ვართ, რაც გვქონდა ჩვენ 7 ნოემბერს. პირობას ვიძლევი, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, ბოლომდე შევასკდებით რუსებს და არ მივცემთ საშუალებას ერთი ბოძის დარჭობისაც კი,“ - ამბობს ქაცარავა.

აქცია უკვე, დაახლოებით, ორი საათია, გრძელდება.

დღის ამბები