19 ნოემბერი 2024,   15:21
ვრცლად
ია კერზაიას საქმე - ომბუდსმენი და პოლიტიკოსები, მათ შორის „ქართული ოცნების“ დეპუტატები, გამოძიებისგან კითხვებზე პასუხს ელოდებიან

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის საქმესთან დაკავშირებით ია კერზაიას ოჯახთან ერთად, ომბუდსმენი და პოლიტიკოსები, მათ შორის „ქართული ოცნების“ დეპუტატები გამოძიებისგან კითხვებზე პასუხს ელოდებიან. 

ია კერზაიას ოჯახის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ სკოლის დირექტორის სიცოცხლე პოლიტიკურ ტერორს შეეწირა. მისი შვილი, ბაჩანა შენგელია პასუხებს პროკურატურისგან მოითხოვს. ის ზეწოლაში მთავარ დამნაშავედ განათლების სამინისტროს ასახელებს და უწყებისგან ანონიმური წერილისა და მისი ავტორის ვინაობის გასაჯაროებას მოითხოვს, რის საფუძველზეც ზუგდიდის მე-6 სკოლის შემოწმება დაიწყო.

მმართველი გუნდის 4 დეპუტატი ია კერზაიას საქმის გამოსაძიებლად საგამოძიებო უწყებებს ერთ თვიან ვადას აძლევს. გიორგი მოსიძემ, გედევან ფოფხაძემ, ირინა ფრუიძემ და ლევან კობერიძემ კერზაიას გარდაცვალების შემდეგ განცხადება გაავრცელეს. კლუბ „რა, სად, როდის“ ვეტერანმა მოთამაშეებმა გამოძიებისგან მოითხოვეს, გაირკვეს - გახდა თუ არა სკოლის დირექტორი პოლიტიკური ზეწოლის მსხვერპლი.

”ქართული ოცნების” დეპუტატების ნაწილს კი, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარეს შეკითხვები არ აქვს. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ზუგდიდის სკოლაში განვითარებულ პროცესებს პოლიტიკური სარჩული არ აქვს.

საპარლამენტო უმცირესობა კი განათლების მინისტრს პარლამენტში იბარებს. ოფიციალური წერილი ”ევროპულმა საქართველომ” დღეს დაარეგისტრირა.

„ნაციონალური მოძრაობა“ განათლების მინისტრთან ერთად, შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხიმგებლობის საკითხსაც სვამს.

მიხეილ ბატიაშვილი დღეს მედიასთან არ გამოჩენილა. განმარტებების მინისტრის ნაცვლად მისმა მოადგილემ გააკეთა და თქვა, რომ უწყება გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა.

 

დღის ამბები