სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა. ოპოზიციის სარჩელის განხილვა დასრულებულია და მოსამართლის გადაწყვეტილება ცნობილი ორ საათში გახდება.
ოპოზიციამ სასამართლოზე რამდენიმე საათის ვიდეომასალა წარადგინა, სადაც ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებია ასახული.
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, თინათინ ბოკუჩავა, ფიქრობს, რომ ეს ვიდეომასალა საკმარისია ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტის დასადგენად, რაც კანდიდატის რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძველი უნდა გახდეს.
„საზოგადოების დაცინვაა, როდესაც არჩევნების წინ ზურაბიშვილის ბილბორდებზე ქალის ნაცვლად პირადად ივანიშვილი, კობახიძე და ქართული ოცნების სხვადასხვა წევრები იყვნენ გამოფენილი და მე იმედი მაქვს, რომ ამ დაცინვას დღევანდელი მოსამართლე მტკიცებულებად არ მიიღებს და ორ ადამიანს კი არ შეჰპირდა რამეს ივანიშვილი, არამედ ბახტაძის პირით 600 ათას ამომრჩეველზე გააკეთა პირდაპირი დაპირება, რომელსაც სხვათა შორის, არ შეასრულებს, მაგრამ ის, რომ ეს იყო მოსყიდვა, ამაზე თანხმდება სრული არასამთავრობო სექტორი, ამაზე თანხმდება საერთაშორისო თანამეგობრობა,“ - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.
სასამართლო პროცესს ასევე ესწრებოდა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი.