ყოფილი და მოქმედი სამი მაღალჩინოსნის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით დაკავებული საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომელი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.
ამის შესახებ დაკავებული ემზარ ზურაბიშვილის ადვოკატებმა ისაუბრეს.
დაკავებულ მაღალჩინოსანს, ემზარ ზურაბიშვილს, ბრალი უკვე წაუყენეს და მას რესტორან წისქვილში მომხდარი ჩხუბისას ბლაგვი საგნის გამოყენებას ედავებიან.
ადვოკატების თქმით, საქმის მასალები ბრალის წარდგენის შემდეგ გადაეცათ და ამ ეტაპზე დეტალებზე არ საუბრობენ. თუმცა, დაკავებულის ინტერესების დამცველები ამბობენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაცია მისთვის შეურაცხმყოფელია.
„თავს დამნაშავედ არ ცნობს. ჩემამდე ჩვენება აქვს მიცემული. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა განაცხადა, რომ აბსოლუტურად აბსურდია, ასეთ ფაქტს მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია, არავის თავს არ დასხმია, ეს ყველაფერი არის მოგონილი და შეურაცხმყოფელიც კი არის მისთვის,“ - ამბობს ადვოკატი ლევან ზაქრაძე.
ადვოკატი შორენა ზინზიბაძე აღნიშნავს, რომ საქმის მასალებს ჯერ არ გასცნობია, თუმცა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ სცნობს.
რესტორან წისქვილში მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი, ემზარ ზურაბიშვილი, დააკავეს. საგამოძიებო უწყების ცნობით, მან ციხეებზე ზედამხედველობის სამსახურის მაღალჩინოსანს, ჭაბუა გუშარაშვილს, თავის არეში საგნის ჩარტყმით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს ამ დრომდე ეძებს კიდევ ერთ პირს, რომელმაც, სავარაუდოდ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე ზვიად მიხანაშვილი დაჭრა.
სამივე დაშავებული ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. ექიმების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ავტორი: ნინო ვარძელაშვილი