"5 წლის წინანდელი პერიოდი რომ ავიღოთ, რასაც სომხეთს უწერდნენ, ახლა ჩვენ გვიწერენ და რასაც ჩვენ გვიწერდნენ, ახლა სომხეთს უწერენ," - ეს განცხადება საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელმა, ნოდარ ხარშილაძემ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებასთან დაკავშირებით გააკეთა.
ნოდარ ხარშილაძე აშშ-ის მიერ სომხეთში ჩატარებულ არჩევნებსა და საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს შორის გაკეთებულ შეფასებებში დიდ განსხვავებას ხედავს. ხარშილაძე ამბობს, რომ ის, რასაც საქართველოს წინა წლებში უწერდნენ, დღეს დასკვნაში სომხეთის შესახებ წერია.
„განსხვავება არის შემდეგნაირი: თუ წაიკითხავ სომხეთს, უწერია, რომ ძირითადად დემოკრატიული არჩევნები ჩაატარა, ჩვენ გვიწერია, რომ ძირითადად არადემოკრატიული არჩევნები ჩავატარეთ. 5 წლისწინანდელი პერიოდი რომ ავიღოთ, რასაც სომხეთს უწერდნენ, ახლა ჩვენ გვიწერენ და რასაც ჩვენ გვიწერდნენ, ახლა სომხეთს უწერენ. სერიოზული ნაბიჯია უკან. ამ გაუბედურებული და კონფლიქტური რეგიონის ლიდერიც ვეღარ ვართ დემოკრატიაში, რითაც ძალიან ამაყობდა ახლანდელი ხელისუფლება. სერიოზული ნაბიჯია უკან იმ ყველაფერის ფონზე, რაც ხდება ჩვენს გარშემო და ჩემი აზრით, დემოკრატიზაციის პროცესი უკვე სერიოზული საფრთხის ქვეშ არის, ამ არჩევნების დასკვნებს რომ შევხედოთ და ჩვენი კოლეგების და მეგობრების შეფასებებს,“ - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.
საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, ბათუ ქუთელია, აცხადებს, რომ ორი ქვეყნის შესახებ გაკეთებულ შეფასებაში აშკარაა განსხვავება და ამბობს, რომ საქართველოს შესახებ უკუსვლის ნიშნები იკვეთება.
„სომხეთს აქვს საქართველოს 2003 წლის მომენტი, ანუ, იქ ახლა ხდება საზოგადოების გამოღვიძება და დემოკრატიული პროცესები. საით წავა ეს, არავინ არ იცის, მაგრამ სომხეთს აქვს შანსი, რომ სწორი დემოკრატიული პროცესები დაიძრას და ამ განცხადებაში სწორედ ეს არის მითითებული, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმარება სომხეთს. ამერიკის შეერთებული შტატები ეხმარება სომხეთს იმიტომ, რომ ეს არის სომეხი ხალხის არჩევანი, რომ ჰქონდეს დემოკრატიული სისტემა. ბუნებრივია, მათზეა დამოკიდებული ამ დემოკრატიულ მიღწევას შემდეგ როგორ განავითარებენ. საქართველოში პირიქით არის. ის მომენტი, რომელიც ჩვენ 2003 წელს გვქონდა და ის დემოკრატიული სტანდარტი, რომლითაც ჩვენ გამოვირჩეოდით რეგიონში და უფრო ფართო გაგებით რეგიონში, დღეს უკვე უკუსვლას განიცდის,“ - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.