საახალწლო გართობის ტექნიკური ორგანიზება თბილისის ბიუჯეტს 2 მილიონ ლარამდე უჯდება. დედაქალაქის მერიამ გალა კონცერტის სცენის კონსტრუქციაში, ხმის აპარატურასა და განათებაში მილიონ 800 ათასი ლარი უკვე გამოყო.
მიუხედავად იმისა, რომ საახალწლო კონცერტის ლოკაცია ჯერ დადგენილი არ არის, აპარატურის დაქირავებისთვის ტენდერი უკვე გამოცხადდა.
ოპოზიციის წინასწარი გათვლებით, თბილისის ბიუჯეტს საახალწლო გასართობი პროგრამა გაცილებით მეტი დაუჯდება, ვიდრე 2 მილიონი ლარია.
ხელისუფლების ოპონენტებს პრეტენზიები არამიზნობრივ ხარჯებთან დაკავშირებით აქვთ. საკრებულოს კულტურის სამსახურის უფროსი, თამარ ტალიაშვილი, ამბობს, რომ მთავრობამ თანხები დაზოგა და წელს საზეიმო ღონისძიებებსა და ქალაქის საახალწლო მორთულობაში გაცილებით ცოტა ფული დაიხარჯა.
ტენდერის პირობებს კურიერი გაეცნო, რომლის მიხედვითაც, სამი მრავალათასიანი ტენდერი იმ ტექნიკური აღჭურვილობისთვის გამოაცხადა, რომელიც ყველა კონცერტზე გამოიყენება და ერთჯერადი მოხმარების არ არის. ძირითადად კი მერია მილიონ ლარზე მეტს სცენის ტრიბუნებში, საგრიმიეროებში, სცენის გადახურვასა და საკონცერტო გახმოვანებაში ხარჯავს.
მომღერლების ჰონორარებისთვის თბილისის ბიუჯეტს თანხის გადახდა დამატებით მოუწევს, ხარჯის კიდევ ერთი ნაწილი წელს ახალ საახალწლო განათებებში დაიხარჯება, რაც საერთო ჯამში, 2019 წლის დადგომა თბილისს 6 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდება.