19 ნოემბერი 2024,   15:17
ვრცლად
რელიგიური ორგანიზაციები და სახალხო დამცველი კანონში ცვლილებების შეტანას ითხოვს

რელიგიური ორგანიზაციები და სახალხო დამცველი საკანონმდებლო ორგანოსგან იმ კანონის მუხლებზე მსჯელობას და კანონში ცვლილებების შეტანას ითხოვს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო.

სასამართლომ 5 თვის წინ არაკონსტიტუციურად მიიჩნია საგადასახადო კოდექსის ის ნორმა, რომელიც მართლმადიდებელ ეკლესიას უპირატეს პირობებში აყენებს სხვა კონფესიებთან შედარებით.

პარლამენტს კანონში ცვლილების შესატანად ვადა წლის ბოლომდე აქვს.

„რაკი ვთანხმდებით იმაზე, რომ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში და ჩვენთვის ადამიანის უფლებები და თანასწორობა არის ძვირფასი, მაშინ თანასწორობა უნდა იყოს ყველა სივრცეში და ყველა განზომილებაში. მემგონი ეს უნდა იყოს მნიშვნელოვანი არა მარტო რელიგიური გაერთიანებებისთვის, არამედ ზოგადად როგორც კონცეფცია, მისაღები უნდა იყოს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისათვის, რელიგიური მიკუთვნეუბლობის მიუხედავად.“ - განაცხადა საქართველოს ევანგელურ-ბაფტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა, რუსუდან გოცირიძემ.

საქართველოს სახალხო დამცველის თქმით, რელიგიურ ორგანიზაციებს პრობლემები ექმნებოდათ რიგ სხვადასხვა საკითხში, სადაც გამოკვეთილი იყო არათანასწორი და დისკრიმინაციული მიდგომა.

„წლებია, რელიგიური უმცირესობები სახალხო დამცველის საკუთარ ანგარიშებში საუბრობს, რომ არსებობს კანონმდებლობაში უთანასწორო ნორმები რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებით და ეს იყო, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი. რელიგიურ ორგანიზაციებს პრობლემები ექმნებოდათ, როგორც საკუთრების რეგისტრაციის, ასევე ახალი საკულტო ნაგებობების მშენებლობის დროს და ამ პროცესში იყო გამოკვეთილი აშკარად არათანასწორი და დისკრიმინაციული მიდგომა და იმედს გამოვთქვამ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება აღნიშნულ პრაქტიკას შეცვლის," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

 

 

დღის ამბები