„მარგველაშვილი თავის საქმიანობით საერთოდ არ უქმნიდა ხელისუფლებას არანაირ პრობლემას,“ - ეს განცხადება საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრმა, დავით ზურაბიშვილმა გააკეთა.
დავით ზურაბიშვილი პრეზიდენტ მარგველაშვილის კავკასიის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრის დროს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, როდესაც მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ მოახერხა ყოფილიყო ზეპარტიული პრეზიდენტი.
ზურაბიშვილის შეფასებით, მარგველაშვილს ჰქონდა შესაძლებლობა, გამხდარიყო თვალსაჩინო ფიგურა, თუმცა, თავად არ ისურვა პოლიტიკაში ჩაბმა.
„მას ჰქონდა არაერთი შანსი, რომ გამხდარიყო ოპოზიციაში თვალსაჩინო ფიგურა თავის პრეზიდენტის პოსტიდან და სიტუაციიდან გამომდინარე, მაგრამ მან ეს არ ისურვა, მან არ ისურვა პოლიტიკაში ჩაბმა. საბოლოო ჯამში, გამოვიდა ისე, რომ ხელისუფლებაშიც არავინ დატოვა კმაყოფილი, ოპოზიციაშიც და მაინცდამაინც დიდი კვალიც ქვეყანას ვერ დააჩნია. მისი მცდელობა, რომ ყოფილიყო რაღაც კლასიკური საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ტიპი, იმთავითვე იყო განწირული,“ - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.