19 ნოემბერი 2024,   15:28
ვრცლად
დეპუტატების მისამართით ხისტი სანქციები კონსტიტუციის ძალაში შესვლის პარალელურად ამოქმედდება

ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლის პარალელურად, რამდენიმე დღეში ამოქმედდება ახალი რეგლამენტი, რომელიც დეპუტატების მისამართით ხისტი სანქციების შემოღებას გულისხმობს.

იმ შემთხვევაში თუ კანონმდებელს სხდომების ნახევარზე მეტი ექნება გაცდენილი, მას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდება. ასევე დასჯადი ხდება დეპუტატების მხრიდან ერთმანეთის მიმართ გამოთქმული არაეთიკური და შეურაცხმყოფელი რეპლიკები.

დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ირმა ინაშვილს, ზაზა პაპუაშვილსა და ნიკა მელიას შორის მომხდარ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძე ინციდენტთან დაკავშირებით სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებაზე საუბრობს. მისი თქმით, როდესაც ხდება მსგავსი პროვოკაციები, მას უნდა გაეცეს სამართლებრივი პასუხი.

თუმცა, კობახიძის განცხადებით, დღევანდელი რეგლამენტი პარლამენტს არ აძლევს შესაძლებლობას, რომ ასეთი სანქციები იყოს დაწესებული და ეს შესაძლებლობა პარლამენტს პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ახალი რეგლამენტის ამოქმედებისას მიეცემა.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები, პრაქტიკულად, არ დადიან საკანონმდებლო ორგანოში.

საპარლამენტო უმრავლესობის ოპონენტები კი აცხადებენ, რომ თავად „ქართული ოცნების“ წევრები არ მიდიან პარლამენტში, რის გამოც, მაგალითად, გუშინ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა.

 

დღის ამბები