"ქართული ოცნება" ინაუგურაციის დღეს "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან პროვოკაციების მოწყობას ელოდება. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ პროვოკაციების მოწყობა ახასიათებს, თუმცა, დარწმუნებულია, რომ ინაუგურაცია დაბრკოლებების გარეშე ჩაივლის.
„რაც შეეხება თელავში დაგეგმილ აქციას, ზოგადად, პროვოკაციების მოწყობა ეს არის "ნაცმოძრაობის" ხელწერა, თუმცა, ჩვენ ვართ აქ იმისთვის, რომ აღვკვეთოთ ასეთი პროვოკაციები და დამერწმუნეთ, რომ ინაუგურაცია ჩაივლის დაბრკოლებების გარეშე. შეიძლება იყოს გარკვეული პროვოკაციები, თუმცა, ამას შევხვდებით სათანადოდ, ისე, როგორც არის საჭირო და ისეთი სტილით, რომელიც ჩვენ დავნერგეთ 2012 წლის შემდეგ. აქედან გამომდინარე, მე რაიმე პრობლემას არ ველოდები თელავში... შეიძლება იყოს გარკვეული პროვოკაციები, თუმცა, ამას შევხვდებით სათანადოდ,“ - ამბობს ირაკლი კობახიძე.
მმართველი გუნდის ლიდერებისთვის მისაღებია თელავის მერიის გადაწყვეტილება, რომელმაც გაერთიანებულ ოპოზიციას ქალაქის ცენტრში საპროტესტო აქციის გამართვაზე უარი უთხრა და ალტერნატიული ტერიტორია შესთავაზა.
მამუკა მდინარაძის თქმით, ინაუგურაციის დროს პროვოკაციების თავიდან არიდების მიზნით ყველა უწყება იქნება ჩართული.
„სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ გამორიცხული იყოს ნებისმიერი სახის პროვოკაცია. სახელმწიფოს ნებისმიერი მოქმედება და ამ შემთხვევაში შესაბამისი უწყების ეს მოქმედებაც, რომ კონკრეტულ ადგილზე ეუბნება უარს, აქედან გამომდინარეობს, ამაში შემდეგ ერთვებიან სამართალდამცავი ორგანოები, რომ ისინიც გამორიცხავენ პროვოკაციას, თავიანთი მიმართულებით, მობილიზებული იქნება, ბუნებრივია, სამართალდამცავი შესაბამისი სტრუქტურები და შეეცდებიან მაქსიმალურად, რომ გამორიცხონ ნებისმიერი პროვოკაცია. მე არ მგონია, რომ იქ შეკრებილი ადამიანები იმისთვის მიდიოდნენ, რომ პროვოკაცია მოაწყონ, ეს შეიძლება მათი ლიდერების სურვილი უფროა, მაგრამ ამაზე საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ჩვენგან განსხვავებულ აზრს აფიქსირებს, არ წავა, მე ვფიქრობ, და ეს მოლოდინი მაინცდამაინც არ მაქვს,“ - განაცხადა მდინარაძემ.
გაერთიანებული ოპოზიცია გეგმავს, რომ 16 დეკემბერს თელავის ცენტრში მშვიდობიანი აქცია გამართოს. თუმცა, თელავის მერიამ მათ მოთხოვნას უარით უპასუხა, რომელიც აქციისთვის ერეკლე მეორის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის გამოყოფას ითხოვდა.
ოპოზიციისთვის მერის არგუმენტი მიუღებელია და აქციის გამართვას ისევ თელავის ცენტრში გეგმავენ და არა მერიის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ტერიტორიაზე.