საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ინაუგურაციის დღეს გაერთიანებული ოპოზიციის მიერ თელავის ცენტრში დაანონსებულ აქციას ეხმაურება. მინისტრის თქმით, ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, თუმცა, არ უნდა დაირღვეს საზოგადოებრივი წესრიგი.
თეა წულუკიანი ასევე აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ინაუგურაციის დღეს ექსცესების თავიდან აცილების მიზნით ყველაფერს გააკეთებს.
„ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება. რა თქმა უნდა, ყოველთვის სჯობს ხოლმე, რომ შიდა კანონი იყოს დაცული, მაგრამ თუ არასანქცირებული შეკრება იქნება, მიუხედავად ამ ფორმისა, გამოხატვის თავისუფლება არის მთავარი, ოღონდ მას აქვს ზღვარი. ზღვარი გადის იქ, რომ არ უნდა დაირღვეს საზოგადოებრივი წესრიგი, რომ ეს აქცია უნდა იყოს მშვიდობიანი, ამას ითხოვს ასევე ევროპული სტანდარტი. ხოლო როგორც ყოველთვის, აქაც ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიცით, რომ შსს ყველაფერს გააკეთებს იმისთვის მთავრობასთან ერთად, რომ არ იყოს რაიმე ექსცესები დაშვებული,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.
გაერთიანებული ოპოზიცია გეგმავს, რომ 16 დეკემბერს, ინაუგურაციის პარალელურად, თელავის ცენტრში მშვიდობიანი აქცია გამართოს. თუმცა, თელავის მერიამ მათ მოთხოვნას უარით უპასუხა, რომელიც აქციისთვის ერეკლე მეორის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის გამოყოფას ითხოვდა.
ოპოზიციისთვის მერის არგუმენტი მიუღებელია და აქციის გამართვას ისევ თელავის ცენტრში გეგმავენ და არა მერიის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ტერიტორიაზე.