
This is a modal window.
თელავთან აქციის მონაწილეები საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს გადაადგილების უფლებას სთხოვენ. გზა, თითქმის, ოთხი საათია, ჩახერგილია და დაპირისპირება მიმდინარეობს.
ადგილზე შს მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძე იმყოფება, რომელიც ამბობს, რომ გზის გახსნა ჯერ არ იგეგმება.
აქციის მონაწილეები საკუთარი ძალებით ცდილობენ, ჩახერგილი გზა გაათავისუფლონ, თუმცა ამის საშუალებას პოლიცია არ აძლევს.
ოპოზიციის რამდენიმე ავტომობილმა შეძლო გზის გაგრძელება. დაზიანებულია რამდენიმე ავტომობილი, მათ შორის გაერთიანებული ოპოზიციის კოლონის შემადგენელი ავტომობილები.
დაზიანებულია, სავარაუდოდ, შს სამინისტროს ავტომობილი.
„ორჯერ გვქონდა მოლაპარაკება საბანაძესთან, ორჯერ მითხრა, რომ გახსნიდა გზას, ორივეჯერ მოიტყუა და პირიქით, სპეცრაზმი შემოიყვანა, დაამატა ძალები იმისთვის, რომ წინააღმდეგობა გაეწია ჩვენი ხალხისთვის. ჩვენ თვითონ ვხსნით ამ გზას, ვაიძულებთ, რომ გადაწიონ მანქანები. ინაუგურაცია დასრულდება თუ არ დასრულდება, თელავში ჩავალთ და სამოქმედო გეგმებზე შემდეგ ვისაუბრებთ,“- ამბობს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე.