ეს არ იყო აქცია, ეს იყო პროვოკაცია - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ, ვახტანგ შაქარიშვილმა განაცხადა.
გურჯაანსა და თელავში განვითარებული მოვლენები შეაფასეს უმრავლესობის წევრებმა.
„ეს არ იყო აქცია, ეს იყო პროვოკაცია. ეს ძალიან მარტივი შესაფასებელია, ეს იყო არაჯანსაღი პროტესტი, არა მხოლოდ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ან ქართული ოცნების წინააღმდეგ, ეს იყო პროვოკაცია ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ და მე ვფიქრობ, ამ დამნაშავე ადამიანებს, უნდა გაეცეთ ადეკვატური პასუხი, აქ უნდა იყოს სახელმწიფო ძალიან მკაცრი და ძალიან კონკრეტული,“ - განაცხადა ვატო შაქარაშვილმა.
დღევანდელი მოვლენები შეაფასა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზვიად კვაჭანტირაძემ. მან ინაუგურაციის პარალელურად, პროვოკაციების მოწყობა არ გამორიცხა.
„ინაუგურაცია ქვეყნის პრეზიდენტის იმდენად მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომ მე ვფიქრობ, რომ სამართლიანად ჩაითვალა, რომ ინაუგურაციის მიმდებარე ტერიტორიაზე მსგავსი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით შეეთავაზებინათ ოპონენტებისთვის სხვა ადგილი. მე ვფიქრობ, პროვოკაციის საშიშროება ყველგან არის, სადაც პროცესებს მართავს მიხეილ სააკაშვილი,“ - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
გაერთიანებული ოპოზიციის წევრების აქციის შესახებ განცხადება გააკეთა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა ნაცვლიშვილმა.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ შესთავაზა მათ პატარა ავტობუსებით გადმოყვანა თელავში, არ ვიცი რამდენად იქნა ეს შეთავაზება გამოყენებული, ამას ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ მთელი დღე აქ ვარ,“ - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.