მძიმე ბრალდებით დაკავებული და არჩევნების შემდეგ გათავისუფლებული მარნეულის ყოფილი მერი ბიძინა ივანიშვილს, თითქმის, 2 საათის განმავლობაში ხვდებოდა. ”კურიერის” ინფორმაციით, საპატიმროს დატოვების შემდეგ თემურ აბაზოვი შაბათს, ბიძინა ივანიშვილის დედის გასვენებაში ჩავიდა. პარტიის ლიდერს იქ შეხვდა, რომელმაც აბაზოვი ორშაბათს „ოცნების“ ოფისში დაიბარა.
„კურიერის“ კამერის გამოჩენა „ქართული ოცნების“ ოფისთან თემურ აბაზოვისთვის სრული მოულოდნელობა იყო. მან შენობის დატოვება მიწისქვეშა ავტოფარეხიდან სცადა, თუმცა მას შემდეგ, რაც „კურიერის“ კამერამ მისი მანქანა დააფიქსირა, კითხვებს გაექცა.
დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით თემურ აბაზოვი პოლიციამ 6 თვის წინ დააკავა. საქმის მასალებით, რომელიც სამართალდამცველებს აბაზოვის წინააღდეგ აქვთ, მან პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით, მარნეულის მცხოვრებს ჭიქაში მოშარდვა და შარდის სახეზე წასმა აიძულა. ეს პროცესი ვიდეოკამერის საშუალებით გადაიღო და სოციალურ ქსელში განათავსა. მას შემდეგ, რაც მომხდარი ჟურნალისტებმა გაიგეს, შს სამინისტრო იძულებული გახდა, მარნეულის მერი დაეკავებინა.
„კურიერის“ ინფორმაციით, წინასაარჩევნო აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა აბასოვის ბიძა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აზერბაიჯანულენოვან სოფლებში ამომრჩევლის მობილიზებაში ეხმარებოდა.
რა მიზნით შეხვდა ივანიშვილი ადამიანის შეურაცხყოფაში, დამცირებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულ რეგიონულ ლიდერს, ამ თემაზე საუბარი არ სურთ "ქართულ ოცნებაში".
მძიმე დანაშაულში ბრალდებული "ოცნების" მაღალჩინოსანი, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში თანამდებობაზეც დაბრუნდება.
ავტორი: ნინო ვარძელაშვილი