თავდასხმა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედროზე - ჯარისკაცი, რომელიც წვრთნებს ალგეთში გადიოდა, მეთაურს სასტიკად ცემაში ადანაშაულებს. რამდენიმე წუთის წინ დაზარალებული სამხედრო "რუსთავი 2-ში" მრავლობითი დაზიანებით მოვიდა.
ჯარისკაცს, სავარაუდოდ, ტვინის შერყევა აქვს. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ უკვე გადაიყვანა სამედიცინო დაწესებულებაში. სასწრაფო დახმარება სამაუწყებლო კომპანიის თანამშრომლებმა გამოიძახეს. ბრიგადამ კი შემდგომ საპატრულო პოლიცია გამოიძახა.
იმ დროს, როდესაც სამხედრო "რუსთავი 2-ის" შენობაში დახმარების სათხოვნელად მოვიდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.
ჯარისკაცი დავით ბერიშვილი ყვება, რომ პოლკოვნიკი, გვარად ბიბინიძე მას ფიზიკურად გაუსწორდა და ალგეთის ბაზიდან მისთვის სასურველი ახსნა-განმარტების დაწერის შემდეგ გამოუშვა.
როგორც დავით ბერიშვილი ამბობს, შემთხვევა საღამოს საათებში მოხდა. მას ერთ-ერთ სამხედროსთან შელაპარაკება მოუვიდა და სწორედ ამის შემდეგ მას პოლკოვნიკი ბიბინიძე ფიზიკურად გაუსწორდა.
„ეგრევე შემდგა წიხლებით, დივანზე დავვარდი და შემდგა მერე წიხლებით ზევიდან. მერე გაჩერდა. ახსნა-განმარტება დამაწერინეს იქ, რომ რეკრუტთან მოუვიდა იმასაც და მეც ცოტა ხმამაღალი შელაპარაკება,“ - ამბობს დავით ბერიშვილი.