საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ორი დღის წინ კახეთში მომხდარ დაპირისპირების ფაქტებს სწავლობს - ამის შესახებ განცხადება, ნინო ლომჯარიამ გააკეთა.
ომბუდსმენი დამოუკიდებელი გამოძიების წარმოების აუცილებლობაზე მიუთითებს. ნინო ლომჯარიას განცხადებით, ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლების მხრიდან მიმდინარეობს დღის განმავლობაში მიმდინარე პროცესების ამსახველი ვიდეომასალების შესწავლა, რათა დადგინდეს ვისი მხრიდან იკვეთება დარღვევა.
მათ შორის ლომჯარიას თქმით, გასარკვევია ჰქონდა თუ არა პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებას ადგილი.
„მე ვფიქრობ, რომ ორი დღის წინანდელ აქციაზე იყო გარკვეული დარღვევები, გარკვეულ შემთხვევებში, მათ შორის აქციის მონაწილეების ქმედებებიც გასცდა მშვიდობიანი გამოხატვის და შეკრების ფორმებს და ფარგლებს, თუმცა ვფიქრობ, რომ ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა იყოს წარმოებული ობიექტური, მიუკერძოებელი გამოძიება.
ჩვენ ვსწავლობთ მასალებს, რომ დავადგინოთ ვისი მხრიდან ჰქონდა გადაცდომას ადგილი. მათ შორის როგორ შეასრულეს ფუნქცია პოლიციელებმა, ხომ არ ჰქონდა ადგილი ძალის გადამეტებას და ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება მოსაზრებები და ასეთ დელიკატურ ვითარებაში რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება არ იყოს მხოლოდ ცალმხრივი და იყოს სრულყოფილი და ყოვლისმომცველი,“-განაცხადა ომბუდსმენმა.
16 დეკემბერს გაერთიანებული ოპოზიცია თელავში, პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდა, თუმცა ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები თელავში პოლიციამ არ შეუშვა.
სამართალდამცველების გადაწყვეტილებას ჩაეკეტათ თელავამდე მისასვლელი გზები, აქციის მონაწილეების პროტესტი გამოიწვია, ვითარება ველისციხეში რამდენჯერმე დაიძაბა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო და გამოძიების ფარგლებში უწყებამ გუშინ, ენმ-ს წევრი და გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე დააკავა.