მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე, სანკტ-პეტერბურგის ფილარმონიის მთავარი დირიჟორის იური ტემირკანოვის საიუბილეო გალა-კონცერტზე გამოსვლას განმარტავს.
ბურჭულაძის განცხადებით, გალა კონცერტში მონაწილეობა თავად იური ტემირკანოვის მიწვევით მიიღო.
ბურჭულაძის განცხადებით, იური ტემირკანოვი 2013 წელს თბილისში იმყოფებოდა და საქველმოქმედო კონცერტიც გამართა.
„იური ტემირკანოვის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილ გალა-კონცერტში ვიღებდი მონაწილეობას მისივე პატივსაცემად და მისივე მიწვევით. აუცილებლად ჩავალ და მივულოცავ დიდ მაესტროს ყველა მომდევნო იუბილესაც. მთელი ცხოვრება მემახსოვება და მადლიერი ვიქნები მისი მხარდაჭერის. ომის შემდეგ, როდესაც ბევრი ჩემი კოლეგა თავს იკავებდა საქართველოში ჩამოსვლისგან, იური ტემირკანოვი 2013-ში მთელი თავისი ორკესტრით ჩამოვიდა თბილისში და საქველმოქმედო კონცერტი გამართა ქართველი ბავშვების დასახმარებლად. 2008 წელსაც იყო ჩამოსული ჩემს იუბილეზე... იური ტემირკანოვის იუბილეზე მომავალშიც აუცილებლად ჩავალ და თავს დავუკრავ ყველა დიდ ხელოვანს, მით უფრო, ვისაც ასეთი სიკეთე და მეგობრობა აკავშირებს საქართველოსთან. მთელი ჩემი ცხოვრება, როგორც შემეძლო, ვემსახურე ჩემს ქვეყანას და იმ თითოეულ ქართველს, ვისაც ჩემი თანადგომა სჭირდებოდა. ბევრი სითბო და სიყვარულიც მიმიღია, რისთვისაც ყოველთვის მადლიერი ვიქნები და ვისაც არ მოვწონვარ ან არ მოსწონს ჩემი ცხოვრების წესი, ვუსურვებ, თავად შექმნან უკეთესი და საერთოდ, ჩემს წინააღმდეგ კამპანიების აგორებაში დახარჯული ფული, დრო და ძალისხმევა სჯობს, ქვეყნის გადარჩენისკენ მიმართოთ, რომელიც თავზე გვენგრევა,“ - წერს პაატა ბურჭულაძე.
კონცერტი 15 დეკემბერს სანქტ-პეტერბურგის დიმიტრი შოსტაკოვიჩის სახელობის ფილარმონიის დიდ დარბაზში გაიმართა. საღამოს ესწრებოდნენ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებიც, ვლადიმერ პუტინის მეთაურობით.
რუსეთის ლიდერი სცენაზეც ავიდა და იური ტემირკანოვს იუბილე მიულოცა. ბურჭულაძის გამოსვლას პოლიტიკური შეფასებები თბილისში მოჰყვა.