პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, ნუკრი ქანთარია, თელავში დაანონსებული აქციის ჩაშლას და განვითარებულ მოვლენებს არჩევანის ეთერში აფასებს.
ქანთარიას განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციის მიზანს ინაუგურაციის ჩაშლა წარმოადგენდა.
„პირველი, ალბათ, ის გაუხარდებოდა, რომ გაემარჯვა ვაშაძეს, რომელიც იყო მართლაც კა-გე-ბე-ს პირდაპირი შთამომავალი და წარმომავალი, ეს იქნებოდა სიხარული. მეორე სიხარული იქნებოდა, ალბათ, ის, რომ ინაუგურაცია ჩაეშალათ, ვგულისხმობ ენმ-ს და ამავდროულად, რასაკვირველია, თქვენი ტელევიზიის ხელმძღვანელს. შემდეგ, ალბათ, იქნებოდა, სასურველი, რომ, თუ ვერ ჩაშლიდით, სკანდირების და ლანძღვის ფონზე ჩრდილი მიგეყენებინათ ამ ინაუგურაციისთვის და ბოლო ვარიანტი იყო, რომ ველისციხესთან ყოფილიყო 26 მაისის მსგავსი მაინც. არაფერი ამდაგვარი ვერ მოხდა და ახლა არის ამ ყველაფრის გამოძახილი,“ - განაცხადა ქანთარიამ.
ქანთარიას განცხადებით, გამოძიების შემდეგ კონკრეტული პირები პასუხისგებაში უნდა მიეცენ. მათ შორის, იყო აგრესია სამართალდამცავების და დეპუტატების მიმართ.
„ვფიქრობ, რომ ეს არ უნდა გადატყდეს მხოლოდ კირკიტაძეზე, არამედ სხვებზეც, რომლებიც ამას აქეზებდნენ და ამ ხალხს აყენებდნენ ასეთ მდგომარეობაში. შენ თუ გინდა დაუმორჩილებლობა, შენ თუ გინდა რევოლუციისკენ წასვლა, ერთი მხრივ, რევოლუციაზე და დამხობაზე ლაპარაკობ, რომელსაც ამსტერდამიდან გიკიჟინებენ და თან ესეც არ გინდა გააკეთო და თან ისიც არ გინდა, მაშინ თუ აკეთებდა კირკიტაძე, თუ შეგნებულად წავიდა, მას უნდა სცოდნოდა, რომ ამაზე პასუხს აგებს,“ - ამბობს ქანთარია.
ნუკრი ქანთარია ასევე ეხმაურება რუსთავი2-ზე გასულ კადრებს, რომელიც საარჩევნო უბნებზეა გადაღებული და სავარაუდოდ, გაყალბების ფაქტებზეა საუბარი. ნუკრი ქანთარიას თქმით, არჩევნების შედეგები არ გაყალბებულა.
"ეს არჩევნები რომ არ იყო ანკარა არჩევნები და ძალიან მაღალი სტანდარტის არჩევნები, ესსხვებმაც თქვეს, სტუმრებმაც თქვეს, მაგრამ შედეგზე ამ ხარვეზებს გავლენა არ ჰქონია. სალომე ზურაბიშვილი იყო გამარჯვებული მეორე ტურში საკაოდ დიდი სხვაობით," - ამბობს ქანთარია.
ნუკრი ქანთარიას თქმით, ოპოზიციის მიერ მიტინგებსა და რევოლუციაზე საუბრის დროს იმალება ქვეყანაში არსებული ბევრი ისეთი პრობლემური საკითხი, რის განსახილველადაც ოცნება მზად არის.
ამასთან, ნუკრი ქანთარია ავთო ვარსემაშვილთან მომხდარ ინციდენტს ადასტურებს, თუმცა, არ აკონკრეტებს გავრცელებულ ინფორმაციას, მართლაც დაჭრა თუ არა მან ის ზურგში.