19 ნოემბერი 2024,   15:22
ვრცლად
გურჯაანის სასამართლოსთან საპროტესტო აქციის გამართვის მიზნით გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები იკრიბებიან

გურჯაანის სასამართლოსთან საპროტესტო აქციის გამართვის მიზნით გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები იკრიბებიან. დღეს  გურჯაანის სასამართლოს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა აქციის ფონზე მოუწევს.  

გაერთიანებული ოპოზიცია სასამართლო პროცესის პარალელურად, საპროტესტო აქციას მართავს. ოპოზიცია აცხადებს, რომ დავით კირკიტაძე „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პატიმარია და მის გათავისუფლებას მოითხოვს.

ოპოზიცია იმ პირების დასჯას მოითხოვს, ვინც 16 დეკემბერს უკანონო ბრძანება გასცა და აქციის მონაწილეებს თელავის მიმართულებით გზა გადაუკეტა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ზურაბ მელიქიშვილი ამბობს, რომ დავით კირკიტაძე უკანონოდ არის  დაკავებული და მისი შეფასებით, ის პოლიტიკური პატიმარია. მელიქიშვილის თქმით, გუშინ კიდევ ერთი პირი დააკავეს.

„მინდა ვუთხრა როგორც პოლიციას, ისე პროკურატურას, მთლიანად ივანიშვილის სამფლობელოს, რომ ეს ბრძოლა არ გაჩერდება, არჩევნები გაყალბდა, არჩევნები ჩაყარეს ყუთებში და ამას არ შეეგუება არავინ საქართველოში რა დაჭერებიც არ უნდა გააგრძელონ, რა ზეწოლებიც არ უნდა გააგრძელონ,“ - განაცხადა მელიქიშვილმა.

დავით კირკიტაძეს პოლიტიკურ პატიმარს უწოდებს, "საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა. ქარდავა განმარტავს, რომ კირკიტაძე პოლიტიკური საქმიანობის გამო დააკავეს, რასაც დღეს ოპოზიცია აპროტესტებს.

„ქართველი ხალხი აუცილებლად შეეცდება ქვეყანაში აღადგინოს ჩანასახში არსებული დემოკრატია, რომელიც მოსპო ბიძინა ივანიშვილმა. საიდენტიფიკაციო არანაირი ნიშანი იმ ავტობუსს არ ჰქონია, ის ავტობუსი უკანონოდ გვიხერგავდა გზას და იყო უკანონო ბარიკადი იმ მანიფესტანტების წინააღმდეგ, რომლებიც მიემართებოდნენ მშვიდობიანი, კონსტიტუციით მინიჭებული პროტესტის გამოსახატად. ასე, რომ ის იყო კანონდარღვევა და არც ის, რასაც ვაკეთებდით ჩვენ,“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრი, დავით კირკიტაძე ველისციხეში მომხდარი ინციდენტებიდან მეორე დღეს დააკავეს. კირკიტაძეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლაში ადანაშაულებენ, რაც ჯარიმას ან ორიდან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ოპოზიციის დაკავებული ლიდერი ბრალს არ აღიარებს და პროტესტის ნიშნად შიმშილობას განაგრძობს.

დღეს კი საპროტესტო აქციები გურჯაანის გარდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც იგეგმება.

დღის ამბები