19 ნოემბერი 2024,   15:28
ვრცლად
"კითხვის ნიშნები გვაქვს კვალიფიკაციის სისწორესთან დაკავშირებით" - კირკიტაძეს ბრალს დღეს წარუდგენენ

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, დავით კირკიტაძეს დღეს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ. პროკურატურის წარმომადგენლებს, თელავის წინასწარი დაკავების იზოლატორში ცოტა ხანში ელოდებიან. ჯერ უცნობია, მოითხოვს თუ არა თადუმაძის უწყება დავით კირკიტაძის პატიმრობას. მას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებენ.

ოპოზიციის დაკავებული ლიდერი ბრალს არ აღიარებს და პროტესტის ნიშნად შიმშილობას აგრძელებს. როგორც ცნობილია, მას ბრალი დღეს ოფიციალურად 353-ე პრიმა მუხლით წარედგინება, ამ ინფორმაციას ადვოკატიც ადასტურებს და ამბობს, რომ კითხვის ნიშნები არსებობს. 

„დიდი კითხვის ნიშნები გვაქვს კვალიფიკაციის სისწორესთან დაკავშირებით, გავეცნობით ბრალდების შინაარსს. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების საკითხს, ეს გადაწყდება მას შემდეგ, რაც პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს გურჯაანის სასამართლოს და გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ არ იქნება გამოყენებული ყველაზე მძიმე ფორმა - პატიმრობა,“-ამბობს კირკიტაძის ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი. 

კონდახაშვილის თქმით, გავრცელებული კადრებიდან რაც ჩანს, კირკიტაძე ცდილობს შეაღწიოს ავტობუსში, რომელიც უკანონოდ ხერგავდა გზას, მისი სურვილი იყო გზის გახსნა, რათა მომიტინგეებს გზა გაეგრძელებინათ თელავში, სანქცირებული აქციისკენ.

„სამართალდამცველებისთვის თავდასხმის ან მათთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების მიზანი არ ჰქონდა,“- ამბობს ადვოკატი. მისივე თქმით, აღნიშნულ ავტობუსს არ ჰქონია ნიშანი, რომ ის პოლიციის ავტობუსი იყო.

დღის ამბები