დაპირისპირება ეკა ბესელიას და სალომე სამადაშვილს შორის - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა კომიტეტის სხდომაზე გუშინ მომხდარი დაპირისპირების შემდეგ იურიდიული კომიტეტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში გადასვლა მოითხოვა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ სალომე სამადაშვილის გადაწყვეტილების შეფასებისას აღნიშნა, რომ ის არის „უსაქმური და კანონების არმცოდნე.“
„როდესაც ის იყო ელჩი და ისეთ ძალიან მნიშვნელოვან მისიაში, როგორიც არის ბრიუსელი, ევროპის ერთ-ერთი ცენტრია, ეს არის ის წლები, როდესაც მე ჩავდიოდი ბრიუსელში და ჩამქონდა მასალა ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებზე, როდესაც ადამიანებს ხოცავდნენ ციხეში, აუპატიურებდნენ, კლავდნენ და აწამებდნენ და ელჩი სამადაშვილი იყო დაკავებული ამ ინფორმაციის და ვითარების გამართლებით, სწორედ იმ პოლიტიკურ გუნდს წარმოადგენს დღეს, რომელის საწინააღმდეგო ინფორმაციები ვრცელდებოდა უფლებადამცველების მხრიდან იმ პერიოდში და ქვეყნისთვის ნამდვილად არ იყო სასარგებლო, რასაც ის აკეთებდა,“ - განაცხადა ბესელიამ.
სალომე სამადაშვილი კი კომიტეტის დატოვების გადაწყვეტილებას განმარტავს და ამბობს, რომ ეკა ბესელიას საკუთარი გუნდის წევრებიც კი ვერ ეგუებიან და მისი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გათავისუფლება დგას დღის წესრიგში.
„ქალბატონი ბესელია იმდენად ოდიოზურ ფიგურად ჩამოყალიბდა ქართულ პოლიტიკაში, რომ მის საკუთარ თანაგუნდელებს ეუხერხულებათ ის, რომ ის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეა და ფაქტობრივად ვიცით, რომ მიდის მცდელობა, რომ ის ამ პოსტიდან გადააყენონ იმიტომ, რომ ეკა ბესელია არის დღეს ქვეყანაში კორუფციის, არაკომპეტენტურობის, უვიცობის, თავხედობის და ყაჩაღობის ეკვივალენტი, ასეთი რეპუტაცია აქვს მას. რა თქმა უნდა, ზოგიერთი კანონი მან უკეთესად იცის, ვიდრე მე, მაგალითად, საკუთარ დედას, რომ გვარი უნდა გამოუცვალო, რომ ნაყაჩაღარი ქონება გადამალო, ეს მან კარგად მოიფიქრა. ვფიქრობ, რომ ეკა ბესელია არის სირცხვილი ქართული პარლამენტარიზმის, სირცხვილი არის ქართველი ხალხის, რომ ის საქართველოს პარლამენტის წევრია და მე არანაირი სურვილი არ მაქვს, კომიტეტში გავაგრძელო მუშაობა, რომელსაც ის ხელმძღვანელობს,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.