„დღეს თუ ვინმე უნდა იჯდეს საბრალდებო სკამზე, ეს დავით კრიკიტაძე კი არ უნდა იყოს, უნდა იყოს იმ პროვოკაციის მთავარი ორგანიზატორი, ბატონი გიორგი გახარია,“ - ეს განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ზაალ უდუმაშვილმა გააკეთა.
უდუმაშვილის შეფასებით, ველისციხეში აქციის მშვიდობიან მონაწილეებს გზის გაგრძელების და თელავის ცენტრში მშვიდობიანი აქციის გამართვის შესაძლებლობა სწორედ გიორგი გახარიამ არ მისცა და მომხდარ ინციდენტებზე სრული პასუხისმგებლობა შს მინისტრს ეკისრება.
„გახარიამ დაგეგმა პროვოკაცია აქციის მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ და ჩახერგა ველისციხეში გზა და ის არის ამ დღის მთავარი ორგანიზატორი და მთავარი პროვოკატორი,“ - განაცხადა უდუმაშვილმა.
ზაალ უდუმაშვილი დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესსაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სასამართლო ბიძინა ივანიშვილს სრულად ემორჩილება.
„იმ სასამართლოსი, რომელიც დღეს არის ქცეული პირად ნოტარიუსად ივანიშვილის, ჩვენ პოზიტიური განწყობები და იმედი არ გვაქვს, თუმცა, ამ შემთხვევაში ჩვენ უფრო იმედი გვაქვს მოსამართლის პირადი გადაწყვეტილების, რამდენად ვაჟკაცი იქნება მოსამართლე და რამდენად შეძლებს, მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ამ წუთებში გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები აქციას მართავენ და დავით კირკიტაძის დაკავებას აპროტესტებენ. კირკიტაძეს პროკურატურამ ბრალი უკვე წარუდგინა, თუმცა, ჯერჯერობით, უწყებას სასამართლოსთვის არ მიუმართავს.