შს მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ 21 დეკემბერს დაგეგმილ ანგარიშის წარდგენას ოპოზიციაში ეხმაურებიან. „ნაციონალური მოძრაობის“ და ევროპული საქართველოს“ წევრები ამბობენ, რომ მინისტრს ძალიან ბევრ მწვავე კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა.
შს მინისტრი პარლამენტში სამინისტროს მუშაობის ანგარიშის წარდგენის მიზნით მიდის.
რაც შეეხება ანგარიშის წარდგენის ფორმატს, ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ ფორმატი გიორგი გახარიამ თავის თავზე მოირგო, ვინაიდან ის პარლამენტში არც ფრაქციის და არც კომიტეტის სხდომის ფორმატში არ გამოცხადებულა.
„გახარია უკვე ძალიან დიდი ხანია არღვევს კანონს და დადგენილ თამაშის წესებს, თუ როგორ უნდა მოვიდეს პარლამენტში. ის არ მოვიდა არც ფრაქციაზე, არც კომიტეტზე და ახლა ამჯობინა ე.წ. ანგარიშით წარსდგეს პლენალურ სხდომაზე, იმიტომ, რომ მისთვის არის უფრო კომფორტული და მისაღები ფორმა. მიუხედავად ამისა, მას მაინც მოუწევს ძალიან მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემა. პირველ რიგში, ეს ეხება იმ გამოუძიებელ ძალადობის ფაქტებს, ახალქალაქს მათ შორის. მაგრამ ასევე ეხება იმ უკანონობას, რომელიც მოაწყო მან თელავში აქციასთან დაკავშირებით, როდესაც შეუზღუდა ძალიან ბევრ ადამიანს კანონიერი და კონსტიტუციური უფლება, რომ შეკრებილიყვნენ და ზოგადად,“ - განაცხადა ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრმა, სერგი კაპანაძემ.
პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” მდივანმა, თინა ბოკუჩავამ უკვე დააანონსა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრთან ოპოზიციის წევრებს ბევრი კითხვა ექნებათ. მათ შორის, გახარიას იმ მწვავე კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა, როგორიც არის შვილმოკლული მამების საქმე, ასევე მუხთარლის გატაცების საქმე და კვირას, გურჯაანი-თელავის გზაზე განვითარებული მოვლენები.
„მათ შორის, რატომ არ იძიებს ხელისუფლება და რატომ არ მოქმედებს ზაზა სარალიძის საქმეზე. მაჩალიკაშვილის საქმეზე, მუხთარლის გატაცებაზე, რომელიც სავარაუდოდ, თავად გახარიას და სუს-ის მიერ იყო ორგანიზებული. რატომ არ იძიებს ახალქალაქში გაერთიანებული ოპოზიციის წევრებზე თავდასხმას და რატომ არ სჯის ადამიანებს. ონში, სადაც ფიგურირებს საბანაძის მამა, რომელმაც პირდაპირ გამოიწვია ის, რაც ნოდარ ბურდილაძეს შეემთხვა. ასე, რომ ძალიან ბევრი, მწვავე კითხვები იქნება, მათ შორის ბოლო უკანონო ქმედება გიორგი გახარიასი, სადაც მან უკანონოდ შეუზღუდა გადაადგილების თავისუფლება ოპოზიციას და მოქალაქეებს, რომელთაც თელავში ჩასვლა სურდათ,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.