ყვირილი და ხელების ბრახუნი შეურაცხმყოფელ შეფასებებში გადაიზარდა. ეკა ბესელიამ დღევანდელი დღე სალომე სამადაშვილზე თავდასხმით დაიწყო.
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კანონების არცოდნაში დაადანაშაულა, მისი წარსულიც გაიხსენა და უმაქნისი ელჩი უწოდა. ბესელია ამტკიცებს, რომ ევროკავშირში საქართველოს ელჩს თანამდებობაზე მუშაობის დროს სამადაშვილი ქვეყნისთვის საზიანო საქმიანობას ეწეოდა.
მძიმე ბრალდებებზე პასუხისას სამადაშვილმა ბესელია სავარაუდო კორუფციული გარიგებების მონაწილედ დასახელდა და თქვა, რომ „ქართულ ოცნებას“ მისი თანამდებობიდან გადაყენებაც კი ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა ბესელია ბიძინა ივანიშვილის დავალებების კარგმა შესრულებამ გადაარჩინა.
იურიდიული კომიტეტის სხდომებში მონაწილეობას არც საპარლამენტო უმცირესობა აპირებს. „ევროპული საქართველოს“ წევრს, ოთარ კახიძეს მიაჩნია რომ ეკა ბესელია თავის უფლება-მოვალეობებს ძალიან ცუდად ასრულებს და ამიტომ კომიტეტს უმცირესობა მხოლოდ საპარლამენტო პლატფორმად გამოიყენებს.
ოპოზიციის პრეტენზიებს და სალომე სამადაშვილს დემარშს არ იზიარებს მმართველი გუნდი.
იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ხმაური და მწვავე დაპირისპირება ოპოზიციისა და სხდომის თავმჯდომარეს შორის გუშინ მოხდა, როდესაც ეკა ბესელიამ სამადაშვილსა და კახიძეს განცხადების გაკეთების საშუალება არ მისცა.
დღეს კი ბესელიამ სალომე სამადაშვილს დიპლომატიური მისიის შესრულება დაუწუნა. ყოფილმა ელჩმა ბესელიას კრიტიკის შემდეგ ის სამადლობელი წერილები გამოაქვეყნა, რომლიც მან ევროპარლამენტარებისა და ევროპელი კოლეგებისგან წლების განმავლობაში მიიღო.