ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის სტანდარტი - ასე აფასებს დავით კირკიტაძე იმ ბრალს, რომელიც მას ველისციხეში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე წარედგინა.
კირკიტაძე ამბობს, რომ ის გომბორის უღელტეხილზე მდგომ პოლიციელთა მოთხოვნას დაემორჩილა, რაც იმის დასტურია, რომ სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის განზრახვა არ ჰქონია. კირკიტაძე ამბობს, რომ ველისციხეში პოლიცია უკანონოდ მოქმედებდა.
„როდესაც პოლიცია მოვა და უკანონო ქმედებას ჩაიდენს მას წინააღმდეგობა არ უნდა გაუწიო ესეც სტანდარტია, ოღონდ ჩრდილო კორეის, რუსეთის და იმ ქვეყნების, რომელ ქვეყნებშიც ცხოვრება მე არ მინდა და არ უნდა იმ ხალხს, რომელიც ერთი რიგის იქით ზის...
„რაც შეეხება პოლიციას, ერთი საათით ადრე მე ჩემი კუთვნილი ავტომობილით გავჩერდი, რადგან თბილისიდან თელავამდე უმოკლესი გზა არია გომბორის გზა. გავჩერდი მივედი და ცივილურად მიმითითეს, რომ გურჯაანის გავლით არის მოძრაობა, დავემორჩილე მათ, როგორც სრული ჩვენი კოლონა და წამოვედი გურჯაანის მიმართულებით, რაც დაგვხვდა ველისციხეში ის იყო უკანონობა,“- განაცხადა კირკიტაძემ სასამართლო დარბაზში.
ეს განცხადება მან აღკვეთის ღონისძიების შეფარდებამდე გააკეთა. როგორც ცნობილია, "ნაციონალური მოძრაობის" რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელს გურჯაანის სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.