ზაზა სარალიძე ხვალ გიორგი გახარიას საპარლამენტო დებატებს დაესწრება. შვილმოკლული მამა ქუთაისში ჩავა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოხსენებას მოისმენს.
ზაზა სარალიძის კითხვები ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე უკვე ერთი წელია, პასუხგაუცემელია.
ასევე, უცნობია, დააკავებს თუ არა გახარიას უწყება საქმის მთავარ ფიგურანტს მიხეილ კალანდიას, რა რეკომენდაციითაც პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ შსს-ს მიმართა.
ზაზა სარალიძე დღეს საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს, სერგი კაპანაძეს შეხვდა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრმა, სერგი კაპანაძემ აღნიშნა, რომ გახარიასთან საკმაოდ ბევრი კითხვა აქვთ.
„შს მინისტრს არ გაუცია პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც საგამოძიებო კომისიამ მას დაუსვა. კონკრეტულად იმაზე, რომ რატომ არ არის დაწყებული პროკურატურის თუ შსს-ს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ამ საქმის გაყალბებაში მონაწილეობდნენ, რატომ არ არის დამატებითი გამოძიება დაწყებული მირზა სუბელიანის ქმედებებშიც რა დანაშაულებრივი ქმედებებიც გამოიკვეთა იმ საქმეზე, რატომ არ არის ბრალი წაყენებული, ამ თემებზე ველით შსს-ს პასუხს,“ - განაცხადა კაპანაძემ.
დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ამბობს, რომ მისთვის მთავარია, საქმე გაიხსნას და მისი შვილის მკვლელები და მათთვის ხელის დამფარებლები დაისაჯონ.