„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის პოლიტიკური გადაწყვეტილება - ზაზა ოქუაშვილი თანამდებობას და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მანდატს ტოვებს.
ზაზა ოქუაშვილმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მის გარიცხვაზე მსჯელობა დაიწყო. მოსალოდნელი რეპრესიების გამო, ზაზა ოქუაშვილი ლონდონიდან საქართველოში ვერ ჩამოდის და არჩეულ თანამდებობაზე იძულებულია, უარი თქვას.
კოლეგიალობის დაცვის პარალელურად, ზაზა ოქუაშვილი ამბობს, რომ კარგად ხვდება, ვისი სურვილია მისი აჭარის უმაღლესი საბჭოდან დათხოვნა. თუმცა კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავს იკავებს.
ბიზნესმენი ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ მთავრობისგან შემხვედრ ნაბიჯებს ელოდება და იმედი აქვს, რომ პრობლემას, რაც „ომეგა ჯგუფის“ და ტელეკომპანია „იბერიას“ ამუშავებას ეხება, უახლოეს მომავალში მოაგვარებს.
ის, რომ საკითხი დღის წესრიგში შეტანილი იყო, ადასტურებს აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა. მმართველი გუნდი ამბობს, რომ რეგლამენტს მკაცრად იცავს.
„ოცნების“ წევრების მიერ რეგლამენტის დარღვევაზე საუბრობს ოპოზიცია. ბიზნესმენ ოქუაშვილის წინააღმდეგ დაწყებულ პროცესზე უმაღლესი საბჭოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“, გია აბულაძე ამბობს, რომ ამაზე საუბარი უმრავლესობის დეპუტატებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ოქუაშვილმა საჯარო განცხადებები გააკეთა და ზეწოლასა და ბიზნესის რეკეტში უშუალოდ ბიძინა ივანიშვილი დაადანაშაულა.
ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი საჯარო განცხადებებით, სადაც ის ხელისუფლებას და უშუალოდ ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებდა, საპრეზიდენტო არჩევნების წინ გამოჩნდა. მან ქვეყნის რეალური მმართველი ბიზნესის ტერორში დაადანაშაულა.
ოქუაშვილის ხმამაღალ განცხადებებს სადამსჯელო ღონისძიებები მოყვა. მას დავალიანება შეახსენეს და აქციზების მიწოდებაზე უარი უთხრეს. ამ დრომდე „ომეგა ჯგუფის“ სიგარეტის ქარხანა გაჩერებულია, ფინანსთა სამინისტრო კომპანიას აქციზურ მარკებს არ აძლევს.
„ომეგა“ მზად იყო მილიონ ნახევარი ლარი აქციზური მარკების შესაძენად ბიუჯეტში წინასწარ გადაეხადა, თუმცა, ამის მიუხედავად, კომპანიას მინისტრს მაჭავარიანის უწყება საწარმოს გახსნის უფლებას ისევ არ აძლევს.