ცესკო-ს თავმჯდომარის ასარჩევ კენჭისყრაში მონაწილეობას საარჩევნო ადმინისტრაციის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი არ მიიღებს.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, დავით კირთაძის განცხადებით, კენჭისყრა ფარსია. მისი შეფასებით, ხელისუფლება აპირებს დამსახურება დაუფასოს ცესკო-ს ყოფილ თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას და უპრეცედენტო გაყალბებისა და დარღვევების ფონზე ჩატარებული არჩევნების მიუხედავად, ის მეორე ვადით დატოვოს თავმჯდომარის თანამდებობაზე.
„ცესკოში მიმდინარეობს პროცესი, რომელიც ხელისუფლებას უკვე გადაწყვეტილი აქვს თუ ვინ უნდა გახდეს ცესკო-ს თავმჯდომარე. ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ფორმალობა, არანაირი კავშირი არ აქვს დემოკრატიასთან. მე როგორც კომისიის ერთ-ერთმა წევრმა მივიღე გადაწყვეტილება, რომ აღნიშნულ ფარსში არ მივიღო მონაწილეობა. როდესაც ხელისუფლება აყალბებდა არჩევნებს, ცესკო-ს არათუ რეაგირება მოუხდენია, არამედ, პირიქით, აღნიშნული გაყალბების პროცესში იყო ჩართული და შესაბამისად, ამ ადმინისტრაციის მიერ ხელშეწყობილმა პრეზიდენტმა დაუბრუნა ხარკი ასევე თავმჯდომარეს და წარმოადგინა უკან, რომელიც სავარაუდოდ, დღეს 14:00 საათზე იქნება არჩეული,“ - განაცხადა დავით კირთაძემ.
ფარული კენჭისყრა დღეს 14:00 საათისთვის დაიწყება. ჟვანიასთან ერთად კენჭს ასევე იყრიან ვლადიმერ ბოჟაძე და მარიამ შელეგია.