იუსტიციის უმაღლესი საბჭო, უზენაესი სასამართლოს წევრების წარდგენის შესახებ დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებს. მართალია შესაბამისი ჩანაწერი დღის წესრიგში არსებობს, თუმცა საბჭოს წევრებისთვის კვლავაც უცნობია ეს მხოლოდ რეგლამენტში ცვლილებას ეხება თუ მსჯელობა უშუალოდ კანდიდატურებსაც შეეხება.
საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. ჯანეზაშვილი ყურადღებას სისტემის ჩაკეტილობაზე ამახვილებს და ამბობს, რომ არ სურს მომავალმა თაობამ არსებული სასამართლო სისტემის პირობებში იცხოვროს.
სწორედ ამიტომ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი დღევანდელ სხდომაზე სიმბოლურად ახალშობილ შვილთან ერთად მივიდა. მისი თქმით, დახურული მმართველობის სისტემა უნდა შეიცვალოს.
„უზენაესი სასამართლოც შეიძლება აღმოჩნდეს ჩინჩალაძის კლანის ხელში უვადოდ,“ - ამბობს ჯანეზაშვილი.
მისივე განმარტებით, თუ საბჭომ დახურული მმართველობის სისტემა არ შეცვალა, 25 წლის შემდეგ მისი შვილების თაობასაც ისევ სასამართლო რეფორმაზე მოუწევთ მუშაობა და ისევ იმავე კლანს დაუპირისპირდებიან, რომლიც დღეს სისტემას მართავს.
„ამიტომ მოვედი დღეს ჩემს შვილთან ერთად აქ, რომ დღეს არის დღის წესრიგში შეტანილი საკითხი, რომელიც ეხება უზენაესი სასამართლოს წევრების არჩევას და მე მინდა მოვუწოდო იუსტიციის საბჭოს, რომ ისინი შესაძლებელია, დღეისთვის ცდილობენ, რომ თავის თანამდებობები გაიმყარონ და შეიძლება ცდილობენ, რომ უზენაესშიც გაიმყარონ თავის პოზიციები, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ვიზრუნოთ ჩვენს შვილებზე და მე ნამდვილად არ მინდა, ჩემი შვილი ცხოვროებდეს იმ ქვეყანაში, სადაც 25 წლის შემდეგად მათ თაობას მოუწიოს, რომ ჩინჩალაძის კლანს ებრძოლოს,“ - განაცხადა ჯანეზაშვილმა.
ნაზი ჯანეზაშვილმა წინა სხდომაზე საბჭოს შესთავაზა პროექტი, რომელიც რეგლამენტში ცვლილებებს ითვალისწინებდა. პროექტის მთავარი მიზანი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კონკურსის წესით არჩევა იყო. ჯანეზაშვილის თქმით, საბჭოს წევრებმა მისი პროექტი ჩააგდეს.
ავტორი: ნინო გაზდელიანი