19 ნოემბერი 2024,   15:21
ვრცლად
"ჩემი ვალი ჩვენი ხელისუფლების პირობებში 2.5-ჯერ გაიზარდა" - უმრავლესობის მწვავე შეკითხვები ეკონომიკის მინისტრს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრს, გიორგი ქობულიას, პარლამენტის ტრიბუნიდან ოპონენტების კრიტიკასთან ერთად, მისივე თანაგუნდელების მწვავე შეკითხვების მოგერიებაც უწევს.

იორგი ქობულია დეპუტატების წინაშე დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე მოხსენებით წარსდგა და ოპოზიციის და ხელისუფლების შეკითხვებს პასუხობდა. 

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების მდივანმა, ნინო წილოსანმა, ეკონომიკის მინისტრს მის მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებზე განმარტება სთხოვა, სადაც გიორგი ქობულიამ აღნიშნა, რომ საქართველოში ხალხს არ უჭირს და ადამიანებს საკუთარი ეკონომიკური პრობლემები, უბრალოდ, ეჩვენებათ.

„ვისურვებდი, რომ ბოლო ნაწილი, სადაც კონკრეტულ გეგმებზე საუბრობთ, უფრო მეტი დრო დაგვეთმო და ის სტატისტიკური მონაცემები, რომლითაც დავიწყეთ, რომელიც ჩვენთვის ყველასთვის საკმაოდ დიდი ხანია, ცნობილია, უფრო ნაკლები ნაწილი დაგეთმოთ. და არ შემიძლია, არ გთხოვოთ, გააკეთოთ ახსნა და განმარტოთ თქვენი ბოლო დროს გაკეთებული განცხადება, რომ ხალხს აქვს განცდა, რომ მათ უჭირთ, მაგრამ ეს ესე არ არის. ეს იყო ძალიან მძიმე მოსასმენი ჩვენთვის, მმართველი გუნდისთვის, ჩვენი ამომრჩევლისთვის,“ - განაცხადა ნინო წილოსანმა.

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების თავმჯდომარის მოადგილე, ბექა ნაცვლიშვილი, ეკონომიკის მინისტრის განცხადების იმ ნაწილს ეხმაურება, სადაც გიორგი ქობულიამ აღნიშნა, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი დასაქმებაზე უარს აცხადებს.

„ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ დასაქმებაზე, ახლა წარმოიდგინეთ, ჩვენ რაც არ უნდა სამუშაო ადგილები შექმნათ, იმ ხარისხის სამუშაო ადგილები, რომელსაც ჩვენ ვქმნით, სადაც ხელფასი არის 200 ლარი, დამერწმუნეთ, არავინ არ ისურვებს დასაქმებას. თუ ჩვენ ასეთ დაბალკვალიფიციურ, დაბალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს შევქმნით, დამერწმუნეთ, ის ადამიანები, თქვენ რომ ჩამოთვალეთ რაღაც ნაწილი, რომელიც, თურმე, უარს აცხადებს დასაქმებაზე, ასეთი ადამიანების რაოდენობა გვეყოლება ძალიან ბევრი,“ - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განცხადება გააკეთა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ.

ენძელა მაჭავარიანი დაინტერესდა, რა გეგმა აქვს ეკონომიკის სამინისტროს იმასთან დაკავშირებით, რომ მოსახლეობის ვალი, რომელთაც სესხი უცხოურ ვალუტაში აქვთ, ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო, 2.5 ჯერ გაიზარდა.

„მაგალითად, მე მაქვს ვალი დოლარში და ასეთი ძალიან ბევრია. ჩემი ვალი ჩვენი ხელისუფლების პირობებში 2.5-ჯერ გაიზარდა და ეს განაპირობებს იმას, რომ მე უფრო ღარიბულად ვიცხოვრებ, ვიდრე მანამდე ვცხოვრობდი და ასეთი საკითხები როგორ იქნება მოგავრებული?" - ამბობს მაჭავარიანი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კი განაცხადა, რომ დღეს მოსახლეობას უჭირს, თუმცა, იმაზე მეტად არა, ვიდრე უჭირდა წინა პერიოდებში.

„ერთადერთი, რაც მე ვთქვი, რომ რადგანაც ხალხს ასე უჭირს, იმისგან, რომ დღეს არ უჭირს ბევრად უფრო მეტად, ვიდრე უჭირდა გუშინ, ამ ხალხის სიტუაცია არ იოლდება. ვისაც აქვს ამაზე კითხვა და პრეტენზია, შემიძლია, დავუჯდე და სახალხოდ, დეტალურად გავურჩიო,  მაგრამ ვისაც ექნება ამაზე პრეტენზია, არ ვურჩევ  ამ საკითხზე ჩემთან დაჯდომას,“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

 

დღის ამბები