ზუგდიდის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, ლაშა ჯაიანმა, თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
აღნიშნულ ინფორმაციას ზუგდიდის მერიაში ადასტურებენ.
ადამიანური რესურსცენტრის მართვის ხელმძღვანელის, ირაკლი ამანათიძის, თქმით, ჯაიანმა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა, წასვლის მიზეზად კი ოჯახური მდგომარეობა მიუთითა.
„პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლებული იქნა არქიტექტურის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ლაშა ჯაიანი, დაკავებული თანამდებობიდან. გიდასტურებთ, დღეიდან გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან,“ - განაცხადა ირაკლი ამანათიძემ.
არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ყოფილი კომპანიის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა.
არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, ზუგდიდში ტენდერებს მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ლაშა ჯაიანის, ყოფილი კომპანია იგებს.