საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მარნეულის მერსა და ივანიშვილს შორის შეხვედრას არ ადასტურებენ. ქართული ოცნების წევრები ამბობენ, რომ მარნეულის მერის საქციელი მიუღებელია, თუმცა, ამაზე გამოძიება უკვე მიმდინარებს.
ქართული ოცნების წევრი, აკაკი ზოიძე, ადასტურებს, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ აბაზოვი მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში იმყოფებოდა, თუმცა, არ იცის, შეხვდა თუ არა ივანიშვილს.
„ოფისში რომ იყო, მაგას ვადასტურებ... პარტიის თავმჯდომარეს შეხვდა თუ არა, მე არ ვიცი,“ - ამბობს ზოიძე.
რაც შეეხება ანრი ოხანაშვილს, ის ამბობს, რომ საერთოდ არა აქვს ინფორმაცია აბაზოვის ვიზიტთან დაკავშირებით.
მარნეულის მერი რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს.
დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით თემურ აბაზოვი პოლიციამ 6 თვის წინ დააკავა. საქმის მასალებით, რომელიც სამართალდამცველებს აბაზოვის წინააღდეგ აქვთ, მან პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით, მარნეულის მცხოვრებს ჭიქაში მოშარდვა და შარდის სახეზე წასმა აიძულა.
ეს პროცესი ვიდეოკამერის საშუალებით გადაიღო და სოციალურ ქსელში განათავსა. მას შემდეგ, რაც მომხდარი ჟურნალისტებმა გაიგეს, შს სამინისტრო იძულებული გახდა, მარნეულის მერი დაეკავებინა.
მძიმე დანაშაულში ბრალდებული ოცნების მაღალჩინოსანი, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში თანამდებობაზეც დაბრუნდება.