დაუშვებელია, ჩინჩალაძის კლანის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება - ასე აფასებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატის.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ის წევრები, რომლებიც მოსამართლეობის 10 კანდიდატს მხარს არ უჭერენ, მზად არიან დეპუტატების შეკითხვებს პასუხი გასცენ.
ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში არიან ღირსეული მოსამართლეები, რომლებიც იმსახურებენ, რომ მიეცეთ შესაძლებლობა გახდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები.
„მე გავუზიარებ ინფორმაციას შემდეგ დეტალებთან დაკავშირებით: პირველი, რა პროცესი წარიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და რამდენად სერიოზული ხარვეზებით იყო ეს ყველაფერი გაკეთებული და წარდგენილი კანდიდატები და მეორე, აუცილებლად გავუზიარებ ჩემს ხედვებს ამ მოსამართლეებთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილები არიან, რადგან მიმაჩნია, რომ ჩინჩალაძე, რომელიც არის შემოქმედი ამ სასამართლო სისტემის და ამ კლანის, რაც ჩვენ დღეს მივიღეთ, არ იმსახურებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობას. პარლამენტი ამაზე აუცილებლად უნდა დაფიქრდეს, რომ საქართველოში არსებობენ სხვა მოსამართლეები, არსებობენ ღირსეული ადამიანები და იქნებ მათ მისცეს შესაძლებლობა, იქნებ სხვა იურისტებს მისცენ შესაძლებლობა, რომ გახდნენ უზენაესი სასამართლოს წევრები. დაუშვებელია, ჩინჩალაძის კლანის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება,“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთი წევრი, ანა დოლიძე კი აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტმა არ უნდა განიხილოს წარდგენილი სია და უნდა მიიღოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვით მოსამართლეთა კანდიდატების გამჭვირვალედ არჩევა მოხდება.
„გააკეთონ გონივრული არჩევანი, დემოკრატიულ და არადემოკრატიულ სასამართლოს შორის. იმ სასამართლოს შორის, რომელსაც აკონტროლებს მაფიოზური გაერთიანება და იმ სასამართლოს პოტენციალს შორის, რომელიც იქნება სამართლიანი დაემორჩილება მხოლოდ კანონს. საქართველოს პარლამენტმა არ უნდა განიხილოს, ნაახალწლევს ეს სია, მან განხილვის პროცესი უნდა შეაჩეროს, მან უნდა მიიღოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მეშვეობითაც იუსტიციის საბჭო მოსამართლეთა კანდიდატებს აარჩევს ღია, გამჭვირვალე, სამართლიანის პროცესის მეშვეობით,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.
იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე, თავიდანვე კრიტიკულად იყვნენ განწყობილი იმ სიის მიმართ, რომელიც იუსტიციის საბჭომ პარლამენტში გადააგზავნა.