19 ნოემბერი 2024,   15:26
ვრცლად
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესების საკითხის განხილვა საგაზაფხულო სესიისთვის გადადო 

„საქართველოს პარლამენტი უახლოეს სესიაზე არ მიიღებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესების გადაწყვეტილებას,“- ეს განცხადება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. ირაკლი კობახიძემ გადაწყვეტილება საგანგებო ბრიფინგზე განმარტა.

მისი თქმით, საკითხით დაინტერესებული სხვადასხვა მხარის მიერ გამოითქვა ინიციატივა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა მოხდეს წინასწარ დადგენილი კრიტერიუმებით.

"იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ასარჩევად წარუდგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენა საბჭოს მხრიდან დასაბუთებული იყო სასამართლოს შემადგენლობის შევსების საჭიროებით.

როგორც მოგეხსენებათ, ამჟამად, უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილია 28-დან 10 მოსამართლე, რაც ბუნებრივია, ხელს უშლის საქმეთა დროულ განხილვას და გადაწყვეტას. სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მიერ გამოითქვა სურვილი, კანდიდატების შერჩევა განხორციელდეს წინასწარ გაწერილი პროცედურისა და კრიტერიუმების შესაბამისად.

აღნიშნულის გათვალისწინებით და ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დღეს უკვე გაცხადებული პოზიციის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი მიმდინარე სესიაზე არ მიიღებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესების გადაწყვეტილებას. ამ საკითხს პარლამენტი მიუბრუნდება საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე, რათა უზრუნველყოფილი იყოს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობის დროული შევსება მაღალკვალიფიციური კადრებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები