ახალ წელს თბილისი გენერალური გეგმის გარეშე შეხვდება. 2018 წლის 4 ივლისს დადებული პირობა თბლისის მერმა დაარღვია. კალაძემ პირობა დადო, რომ გენერალურ გეგმას 1 ოქტომბრამდე საკრებულო დაამტკიცებდა, დოკუმენტი კი ძალაში 1 იანვრიდან შევიდოდა, საკრებულოში განხილვები ამ დრომდე არ დასრულებულა.
ალეკო ელისაშვილი კახი კალაძეს სამშენებელო კომპანიებთან გარიგებაში ადანაშაულებს. სამოქალაქო მოძრაობაში დარწმუნებულები არიან, რომ მერმა თბილისელების ინტერესები დეველოპერების გამო დააზარალა.
სამშენებლო ბიზნესში კალაძის პირად ინტერესებზე საუბრობს თბილისის საკრებულოს ოპოზიციაც. საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი დარწმუნებულია, რომ კახი კალაძემ გენერალური გეგმის ამოქმედება სწორედ ამ ინტერესების გამო გააჭიანურა.
თბილისის გენერალურ გეგმაში მერიამ კერძო კომპანია სითი ინსტიტუტის 2 მილიონ 800 ათასი ლარი გადაუხადა. ხმაურიანი განხილვის შემდეგ, მერიამ გეგმა მოიწონა და საკრებულოს გადაუგზავნა. გენერალური გეგმის დამტკიცების შემთხვევაში, თბილისის ბევრ უბანში ბეტონის ცათამბჯენების აშენება იზღუდება, ქაოტური მშენებლობები გენერალური გეგმის ამოქმედების შემდეგ 1 იანვრიდან უნდა შეჩერებული, თუმცა შეზღუდვების ამოქმედება გაურკვეველი ვადით გადაიდო.
გენერალური გეგმის ავტორები ამბობენ, რომ პროცესის დროში გაწელვა დედაქალაქისთვის დამღუპველია.
კახა კალაძე კი აცხადებს რომ ოპოზიცია იტყუება, როდესაც მერიის ინტერესებზე საუბრობს. კალაძე ირწმუნება რომ გენგეგმაზე მუშაობა რამდენიმე დღეში დასრულდება. თუმცა ამჯერად მერს დოკუმენტის ამოქმედების ახალი თარიღი არ დაუსახელებია.