სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში თითო ხმის მიღება რეკორდული ფასი დაუჯდა. „ფორბსის“ გათვლებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ რჩეულმა კანდიდატმა თითო მიღებულ ხმაზე 90 ლარი დახარჯა, 90-ჯერ უფრო ნაკლები იყო გრიგოლ ვაშაძის ბიუჯეტი, რომელსაც ერთი საარჩევნო ხმისთვის 1 ლარი ჰქონდა. „ფორბსმა“ მხოლოდ დეკლარირებული თანხა დათვალა.
ბიზნესმენების 85% პროცენტმა ფული არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს შესწირა, თუმცა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან დგინდება, რომ ბიზნესი ფულს პრეზიდენტს არჩევნების შემდეგაც ჩუქნის.
„ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა 2 მილიონზე მეტი შემოწირულობა მას შემდეგ მიიღო რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ის გამარჯვებულ კანდიდატად გამოაცხადა.
On.ge-მ დათვალა და დააგინა, რომ ზურაბიშვილს მეორე ტურის დასრულების შემდეგ დეკემბერში 60 ათასი ლარი 15-მა ადამიანმა შესწირა, 50 ათასი - სამმა, 40 ათასი - ორმა, 30 ათასი კი - 10-მა. აქედან ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გადამხდელი, რომელმაც 180 ათასი ლარი სალომე ზურაბიშვილის ანგარიშზე ჩარიცხა, კომპანია „ილი ჯგუფია“.
თანხა ფირმამ 14 დეკემბერს პრეზიდენტის ფონდისთვის მას შემდეგ გაიღო, რაც 13 დეკემბერს 2.8-მილიონიან ტენდერში გაიმარჯვა და უფასო სასადილოების კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო შეკვეთა მიიღო. საერთო ჯამში 11-13 დეკემბერს „ილი ჯგუფმა“ 7 მილიონის ღირებულების სამი ტენდერი მოიგო, 180 ათასი სალომე ზურაბიშვილს აჩუქა.
კიდევ უფრო მასშტაბური - 20 მილიონიანი ტენდერი მოიგო კომპანია „ცეკურმა“ 3 დეკემბერს. 120 ათასი ლარი კომპანიის ხელმძღვანელმა სერგო და ბექა ხაბულიანებმა სალომე ზურაბიშვილის ფონდში 14 დეკემბერს, სახელმწიფო დაკვეთის მიღების შემდეგ გადარიცხეს.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სერგო ხაბულიანი „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი და მმართველი პარტიის დამფინანსებელია, ამიტომ ხელისუფლების ოპონენტებისთვის სრულიად ბუნებრივია, რომ ხაბულინმა სალომე ზურაბიშვილის დაფინანასება დაიწყო.