19 ნოემბერი 2024,   15:27
ვრცლად
„ყველაზე ცუდი რაც შეიძლება საჯარო მოხელემ ჩაიდინოს მის კარიერაში და ცხოვრებაში, ეს არის ქრთამი" - გოგიჩაიშვილი შონიას ბრალზე 

მძიმე ბრალდება სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის, ლევან შონიას მიმართ - „ქართული ოცნების“ წევრები იმედოვნებენ, რომ ბრალდება დიდი ოდენობით ქრთამის აღებასთან დაკავშირებით არ გამართლდება. 

თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ლევან შონიას ბრალი დაუმტკიცდება, ისინი მომხრეები არიან, სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა სასჯელი მიიღოს.

„ლევანს კარგად ვიცნობ და მე ვისურვებდი, რომ გამოძიებამ ვერ დაადასტუროს ან წაყენებული ბრალი არ იქნეს დადასტურებული. ესეც ნორმალური ვითარება იქნება, თუკი სასამართლო ან თვითონ გამოძიების პროცესში არ დადასტურდება. თუკი ეს ფაქტი არსებობს, რასაკვირველია, ვინც არ უნდა იყოს, ყველა უნდა დაისაჯოს და აგოს პასუხი,“ - განაცხადა ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა, გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის” მდივანი, ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ იმ პირს, ვისაც ქრთამის აღების ფაქტი დაუმტკიცდება, უმკაცრეს სასჯელს დაიმსახურებს. 

„ყველაზე ცუდი და ყველაზე დიდი, რაც შეიძლება საჯარო მოხელემ ჩაიდინოს, მის კარიერაში და ცხოვრებაში, ეს არის ქრთამი და ივაჭროს გავლენით და მისი თანამდებობით იშოვოს ფული. ამაზე ცუდი არაფერი არ არის. შესაბამისად, ვისაც ესეთი საკითხი დაუმტკიცდება უკვე განაჩენით, უმკაცრესი იქნება სასჯელი,“ - განაცხადა ლევან გოგიჩიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ბრალდებულია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ლევან შონიას დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. ამის შესახებ ინფორმაციას უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო ოფიციალურად ადასტურებს. საუბარია 10 ათას ამერიკულ დოლარზე.

 

 

დღის ამბები