19 ნოემბერი 2024,   15:27
ვრცლად
ვერ ვიფიქრებდით, რომ საბჭო იმ სიას წარმოადგენდა, სადაც იქნებოდა ის, ვინც ჩვენს თანამებრძოლებს ასამართლებდა - კამათი პარლამენტში

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შესახებ საუბრისას ვითარება დაიძაბა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას გადადგომის შემდეგ დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და მწვავე განცხადებები გააკეთეს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით მსჯელობა კამათში გადაიზარდა.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ წევრმა, ნინო გოგუაძემ აღნიშნა, რომ მისთვის მოსამართლეების ასე შერჩევა პრინციპულად მიუღებელია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ დამსახურებაა, რომ მოსამართლეების დამტკიცების პროცესი გადაიდო.

ოხანაშვილის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად გუნდის ყველა წევრი იზიარებს, რომ მოსამართლეთა შერჩევა უნდა იყოს გამჭვირვალე. რაზეც ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ ვის რა როლი და პოზიცია ჰქონდა, ამაზე მოგვიანებით ისაუბრებს.

„ეს პროცესი უნდა წარიმართოს გამჭვირვალედ, მაქსიმალური ჩართულობით იმ სუბიექტებისა, ვინც უნდა იყვნენ აქ ჩართულნი, შესაბამისი კრიტერიუმების დაცვით უნდა მოხდეს ღირსეული კანდიდატურების შერჩევა და შესაბამისად უნდა მოხდეს კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული,“ - აღნიშნა ოხანაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბიძინა გეგიძემ აღნიშნა, რომ ეკა ბესელიას გადადგომა მისთვის ემოციურია. მისთვის ასევე მიუღებელია, იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილი მოსამართლეების სია. გეგიძის თქმით, ეკა ბესელიასთან ერთად წლებია სამართლიანობისთვის იბრძვის.

„ვიბრძოდით ერთი რამისთვის - სამართლიანობისთვის, მხოლოდ და მხოლოდ, და თავიდან ბოლომდე ეს იყო გულწრფელი სულისკვეთებით სავსე რეჟიმთან ბრძოლა და სამართლიანობის ამ ბრძოლის დროს ვერ ვიფიქრებდით, რომ ერთ მშვენიერ დღეს იუსტიციის საბჭო იმ სიას წარმოადგენდა, სადაც ვინც ჩვენს თანამებრძოლებს ასამართლებდა. ეს ნონსენსია ჩემთვის და გაუგებარი, ამიტომაც გვქონდა ფრაქციის ყველა წევრს მძაფრი რეაქცია,“ - განაცხადა გეგიძემ.

მმართველი გუნდის წევრები ღიად აკრიტიკებდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ სიას და ამბობდნენ, რომ აუცილებელია თავდაპირველად გარკვეული კრიტერიუმების შემუშავება მოსამართლეთა შესარჩევად.

დღის ამბები