19 ნოემბერი 2024,   15:26
ვრცლად
არჩევნების გაყალბების ამსახველი კადრები - ოპოზიციას ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს 

განსაკუთრებით მეორე ტური, იყო ყველაზე ცუდი არჩევნები საქართველოს უახლეს ისტორიაში - ამ განცხადებით, ”ევროპული საქართველოს” გენერალური მდივანი გიგი უგულავა, არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებზე პროკურატურის მხრიდან დაწყებულ გამოძიებას ეხმაურება. 

„კურიერში“ გასული რეპორტაჟის შემდეგ, სადაც პირდაპირ იყო ნაჩვენები როგორ ყრიდნენ კომისიის წევრები საარჩევნო უბნებზე განთავსებულ ურნებში ბიულეტენებს და როგორ იყენებდნენ სხვადასხვა მეთოდს სასურველი შედეგების მისაღებად უწყებამ მოკვლევა დაიწყო.

ტოტალური გაყალბების შესახებ ვიდეო კადრები მაყურებელმა „შაბათის კურიერში“  გასულ რეპორტაჟში იხილა. 

გიგი უგულავა აცხადებს, რომ პროკურატურის მხრიდან დაწყებული გამოძიება მხოლოდ ფორმალობაა. 

„ვარდების რევოლუციის მერე, განსაკუთრებით მეორე ტური იყო ყველაზე ცუდი არჩევნები საქართველოს უახლეს ისტორიაში და ამას მოწმობს ყველა საერთაშორისო დასკვნა, დადებული არჩევნებთან დაკავშირებით. ამიტომ, ახლა პროკურატურის მცდელობა, ჩემი აზრით, მიმართულია პირდაპირ, რომ უცხოელებს უთხრან, როდესაც მორიგი ბახტაძე გაემგზავრება ბრიუსელში ვიზიტით, რომ ჩვენ ამას ვიძიებთ,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების გამოძიების იმედი არ აქვს არც ენმ-ს ერთ-ერთ ლიდერს ხატია დეკანოიძეს. 

„კადრები, რომელიც პირდაპირ მიუთითებს რამდენად მასიური იყო გაყალბება. პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებული იყო, რომ საჯარო ინფორმაციის გავრცელებისთანავე აღეძრა სისხლის სამართლის საქმე, იმიტომ რომ პირდაპირ გაყალბებასთან გვაქვს საქმე და დაეწყო გამოძიება. საპასუხოდ, ჩვენ ვიხილეთ, რომ საერთოდ, შინაგან საქმეთა მინისტრი არ განიხილავს ამას, როგორც რამე მნიშვნელოვან ფაქტს და ასევე, ამბობს, რომ პროკურატურა, რომელიც ასევე ფარცხალაძის გავლების ქვეშ არის, გამოიძიებს. რეალურად, მე არ ვფიქრობ, რომ რაიმე კონკრეტული შედეგები ექნება ამ გამოძიებას,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დღის ამბები