მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი აკაკი ზოიძე, არჩევნების შესაძლო გაყალბების ამსახველი ფაქტებთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას ეხმაურება.
საქმე ეხება "კურიერში" გასულ ვიდეომასალას, სადაც ნათლად ჩანს თუ როგორ ყრიდნენ კომისიის წევრები საარჩევნო უბნებზე განთავსებულ ურნებში ბიულეტენებს და როგორ იყენებდნენ სხვადასხვა მეთოდს სასურველი შედეგების მისაღებად.
ზოიძე გამოძიების დაწყებას მიესალმება და ამბობს, რომ შესაბამისი უწყებების მიერ ყველა გამოვლენილი დარღვევის შესწავლა უნდა მოხდეს.
„მე პირველივე დღეს მოვითხოვე, როგორც კი ეგ კადრები ვიხილეთ, რომ უნდა ყოფილიყო აუცილებლად გამოძიება, იმიტომ რომ არც ერთი კითხვის ნიშანი არ უნდა დარჩეს ჩვენს მოქალაქეებს, რომ ასეთი ტიპის გაყალბება შესაძლებელია ამ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, უამრავი ხარვეზი იყო არჩევნებში, რაც დაფიქსირდა საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნებშიც. ამ ხარვეზებზე კონკრეტული რეკომენდაცია, როგორ უნდა გამოსწორდეს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციას, რომ ერთად დავსხდეთ და ამ თემებზე ერთობლივად ვიმსჯელოთ,“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ.