ლევან მურუსიძის უვადოდ გამწესებას კრიტიკულად აფასებენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები. ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი სააპელაციო სასამართლოში მურუსიძის უვადო მოსამართლედ გამწესების გამო იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებს აკრიტიკებენ.
ანა დოლიძე სრულ პასუხისმგებლობას მმართველ პარტიას და პარლამენტს აკისრებს.
„მე ვუსამძიმრებ ჩვენს მოსახლეობას, რომ დღეს საბჭომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ვფიქრობ, რომ ჩვენი ხელისუფლება, კონკრეტული გუნდი, რომელიც არის საქართველოს პარლამენტში, პირდაპირ არის პასუხისმგებელი ამ შედეგზე და ჩვენ რომ, საბოლოო ჯამში ამ შედეგამდე მივედით. თუ არ გამოფხიზლდა „ქართული ოცნება“ და პარლამენტის შემადგენლობა, ეს არ იქნება დასასრული იუსტიციის საბჭოს თავხედობის,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.
ლევან მურუსიძის უვადოდ გამწესებას აკრიტიკებს ნაზი ჯანეზაშვილიც. მისი თქმით, ბრძოლა გრძელდება და სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობა უნდა დასრულდეს.
„ამით ეს ბრძოლა არ დამთავრდება, დარწმუნებული ვარ, იუსტიციის საბჭო და სასამართლო სისტემა, კონკრეტული კლანი, რა თქმა უნდა, და არა ყველა მოსამართლე, ამ თავის გადაწყვეტილების შედეგებს მოიმკის, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ არ მოეწონება ეს გადაწყვეტილება ჩვენს საზოგადოებას, რადგან მიმაჩნია, რომ ისეთი ადამიანები, რომლებიც არ არიან ღირსეულები, არ იმსახურებენ სისტემაში დარჩენას,“ - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებისგან რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულება აქვს საბჭოს მოსამართლე წევრს, გიორგი მიქაუტაძეს. მისი შეფასებით, საბჭოს წევრების კითხვებზე ლევან მურუსიძემ ამომწურავი პასუხი გასცა.
„ასეთი პრეცედენტი არ გვახსოვს ჩვენ არც ერთხელ, რომ კანდიდატი, რომელიც გამოდიოდა საბჭოს წინაშე გასაუბრებაზე, ორი საათის განმავლობაში ყოფილიყო გასაუბრებაზე და გაეცა კითხვებზე პასუხი. მე ვფიქრობ, რომ კითხვა, რომელზეც არ არის პასუხი გაცემული, არ დარჩენილა დღეს ბატონი ლევანის მიმართ, მან ყველა შესაძლო კითხვას გასცა პასუხი,“ - განაცხადა მიქაუტაძემ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ხმათა უმრავლესობით ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოში უვადო მოსამართლედ გამწესდა.